პირი, რომელმაც ინაუგურაციის დღეს დეპუტატის ავტომობილი დააზიანა, სასამართლომ პატიმრობაში დატოვა
თელავის რაიონულმა სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა და საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატ თამარ ხულორდავას მანქანის დაზიანებისთვის ბრალდებული ზაზა ბერიკაშვილი პატიმრობაში დატოვა.
თელავში, დეპუტატის სამსახურებრივ ავტომობილზე თავდასხმისა და დაზიანების ფაქტზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტი ზაზა ბერიკაშვილი 21 დეკემბერს დააკავა. ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ხელისუფლების წარმომადგენელზე თავდასხმას გულისხმობს.