პროკურატურამ გევორქ სარქისიანის მკვლელობის საქმეზე ბრალი დამატებით 2 პირს წარუდგინა

პროკურატურამ გევორქ სარქისიანის მკვლელობის საქმეზე ბრალი დამატებით 2 პირს წარუდგინა. როგორც „კვირას“ მთავარი პროკურატურიდან აცნობეს, გევორქ სარქისიანის მკვლელობის საქმეზე გამოძიების მიერ მოპოვებული დამატებითი მტკიცებულებების, მათ შორის, 2018 წლის 14 დეკემბერს მიღებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის პასუხების და მოწმეების დამატებითი გამოკითხვის საფუძველზე, ე. მ.-ს მიმართ ბრალი განზრახ მკვლელობის მუხლიდან განსაკუთრებული სისასტიკით ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით გადაკვალიფიცირდა (საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 238’ მუხლის მე-2 ნაწილით). ასევე, ამავე მუხლით, ბრალი წარედგინა დამატებით 2 პირს – რ.კ.-ს და ს.მ.-ს.
გამოძიებით დადგინდა, რომ 2018 წლის 12 ივლისს ს. მ.-ს და ე. მ.-ს დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ გევორქ სარქისიანთან. უწყების ინფორმაციით, მათ მეგობარ რ. კ.ს-თან ერთად, დაგეგმეს სარქისიანის განზრახ მკვლელობა. რ. კ.-მ, ე. მ.-მ და ს. მ.-მ წინასწარი შეთანხმებით, მოკვლის მიზნით, სამივე მათგანმა დანებით, განსაკუთრებული სისასტიკით, სხეულის სხვადასხვა არეში 19 ჭრილობა მიაყენეს გევორქ სარქისიანს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. მიღებული დაზიანებების შედეგად, სარქისიანი საავადმყოფოში გარდაიცვალა.
2018 წლის 12 ივლისს მომხდარი გევორქ სარქისიანის მკვლელობის საქმეზე გამოძიების პირველ ეტაპზე მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, ე. მ.-ს განზრახ მკვლელობის მუხლით ( საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლი) წარედგინა ბრალი , ხოლო 4 პირის ბრალეულობა დანაშაულის შეუტყობინებლობის მუხლით დაკვალიფიცირდა” , – აცხადებენ პროკურატურაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები