“პარტიულ წარმომავლობას მნიშვნელობა არ აქვს, კანონმდებლობით დასჯადი ქმედებისთვის ყველამ ადეკვატური პასუხი უნდა მიიღოს”

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დავით კირკიტაძისთვის აღმკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდების საკითხს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ კანონმდებლობით დასჯადი ქმედების ჩადენის შემთხვევაში, ყველამ ადეკვატური პასუხი უნდა მიიღოს. მისივე თქმით, ამ დროს მნიშვნელობა არ აქვს, თუ რომელი პარტიის წარმომადგენელია ის.
„როდესაც ადამიანი პოლიციელს ურტყამს, ტრანსპორტს აზიანებს და ისე იქცევა, რაც სისხლის სამართლებრივი კანონმდებლობით დასჯადად არის გამოცხადებული, ცხადია, ასეთი ქმედებისთვის ყველამ ადეკვატური პასუხი უნდა მიიღოს. პარტიას და პარტიულ წარმომავლობას მნიშვნელობა არ აქვს. ხდება შესაბამისი ქმედება? პასუხმაც არ უნდა დააგვიანოს. ცხადია, ჩვენ უდანაშაულობის პრეზუმფციას არ დავარღვევთ. ამ საქმეზე განაჩენი ჯერ დამდგარი არ არის. მხოლოდ აღმკვეთ ღონისძიებაზე იყო მსჯელობა. სასამართლო გადაწყვეტილებას ყველა იმ მტკიცებულებაზე დაყრდნობით მიიღებს, რომელიც სასამართლოში წარდგენილი იქნება“, – განაცხადა დეპუტატმა.
ცნობისთვის, გურჯაანის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ქვემო ქართლის ყოფილ გუბერნატორს და პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, დავით კირკიტაძეს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები