ირაკლი სესიაშვილი: კაცს, რომელიც მიზანმიმართულად აყენებდა პოლიციელს შეურაცხყოფას და მასზე ძალადობდა, მათი ლიდერი გმირს უწოდებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი სესიაშვილი მიიჩნევს, რომ პოლიციის მიმართ ძალადობის პოლიტიკურ ჭრილში გადატანა, სახელმწიფოს ცუდ შედეგებს მოუტანს.
სესიაშვილი ოპონენტებს ურჩევს, ორმაგი სტანდარტებით მოქმედება შეწყვიტონ:
„ჩვენი ოპონენტები, „ნაციონალური მოძრაობა”, ზოგადად, ორმაგი სტანდარტით რომ მოქმედებს, ეს ჩვენი საზოგადოებისთვის ახალი არ არის და ამ ფაქტს არ გამოვეხმაურები. არის ქვეყანაში სიმბოლოები, რომლებსაც სჭირდება არა უბრალოდ დაცვა, არამედ – სწორი აღქმა. პოლიცია, ჯარი, სასამართლო – ეს ის სიმბოლოებია, რომლებზეც დგას ქვეყანა. ეს ქვეყანა რომელიმე პოლიტიკური ძალის არ არის, ეს ქვეყანა არის საზოგადოებისა და მოქალაქეების. ასეთი მიდგომა, რომ პოლიციის მიმართ ძალადობა შეიძლება შეფასდეს პოლიტიკურად მოტივირებულად ან არამოტივირებულად, ვიღაცა უნდა დაისაჯოს ან არ უნდა დაისაჯოს, არის იმ პრინციპების დანგრევა, რაც სახელმწიფოს ანგრევს და არა რომელიმე პოლიტიკურ ძალას ან ხელისუფლებას.
ამიტომ, პირველ რიგში, მოლოდინი მაქვს, რომ იმ სწორ რეაქციასა და პროფესიონალიზმს, რაც პოლიციამ გამოავლინა, საზოგადოება სწორად აღიქვამს და მხარს დაუჭერს. თუ ჩვენ, საზოგადოება, არ დავიცავთ ამ პრინციპებს, მაშინ თითოეული ჩვენგანი აღმოჩნდება საფრთხის წინაშე. თუკი პოლიციის მიმართ ძალადობა შეიძლება, ეს ნიშნავს, რომ შეიძლება იძალადოს არა რომელიმე პოლიტიკური პარტიის წევრმა, არამედ სხვა მოქალაქემაც, რაც საერთო ჯამში მოგცემს იმ სურათს, რომ პოლიცია, უბრალოდ, გვერდზე გაიწევა, წესრიგს არ დაიცავს და ადამიანს ვეღარ გადაარჩენს. ჩემი განცხადება უფრო მეტად მიმართულია საზოგადოებისკენ, იმისკენ, რომ საზოგადოებამ დაიცვას საერთო ინტერესები, რომელიც არის იმ სიმბოლოების განმტკიცება, რაზეც სახელმწიფო დგას. ეს არის ჯარი, ეს არის პოლიცია, უსაფრთხოების სამსახურები, სასამართლო ხელისუფლება. ეს არის ის ძირითადი ინსტიტუციები, რომლებიც პოლიტიკურად ნეიტრალურია და არის სტაბილურობისა და მშვიდობის გარანტი”, – განაცხადა სესიაშვილმა.
უმრავლესობის წევრი ოპონენტების განცხადებებსა და მიდგომებსაც აფასებს:
„სამწუხაროდ, შეჩვეული ვართ „ნაცმოძრაობის მხრიდან” ორმაგი სტანდარტებით მოქმედებას. ნათელი მაგალითი ჩვენი ოპონენტების დამოკიდებულებისა, არის ის, რომ, კაცს, რომელიც მიზანმიმართულად აყენებდა პოლიციელს შეურაცხყოფას და მასზე ძალადობდა, მათი ლიდერი გმირს უწოდებს და ამით ამკვიდრებს იმ სტერეოტიპს, რომ ხელისუფლებას ებრძოლე ნებისმიერი მეთოდებით, თუნდაც ეს იყოს იმ ღირსეული ადამიანების წინააღმდეგ ბრძოლა, როგორებიც არიან პოლიციელები და შენ გმირი გეწოდება. ამით კიდევ უფრო წაახალისა სააკაშვილმა თავისი მომხრეები ძალადობისკენ, რაც მე პირადად, როგორც პოლიტიკოსს, არ გამკვირვებია, მაგრამ მიკვირს იმ ადამიანებისგან, რომელთაც პრეტენზია აქვთ ნეიტრალურობაზე, სამოქალაქო საზოგადოების სახელზე და ამაზე არ ახდენენ რეაქციას და მეტიც, მაქსიმალურად ერიდებიან, რომ ამ ყველაფერს თავისი სახელი დაარქვან და პასუხიც მოსთხოვონ. ჩემი მხრიდან, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა იმ პოლიციელებს, რომლებიც მართლა მოთმინებით, ღირსეულად იდგნენ, გამოავლინეს პროფესიონალიზმი, ასრულებდნენ დავალებას, რომელიც იყო კანონიერი და ჩვენი ოპონენტებისთვისაც მისაღები უნდა იყოს, შევეჩვიოთ, რომ წესრიგის დაცვა მოეთხოვება ყველას, განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებისა და თანამდებობისა”, – აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები