ნაირა გელაშვილი გივი მარგველაშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი გახდა
ქართულ-გერმანული კულტურული ურთიერთობების გაღრმავებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის გივი მარგველაშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი 2018 წელს მთარგმნელი და მწერალი, ნაირა გელაშვილი გახდა.
თბილისის გოეთეს ინსტიტუტმა და DVV International-მა გივი მარგველაშვილის სახელობის პრემია უკვე მეექვსედ გასცეს.
თბილისში დაჯილდოება გაიმართა გერმანიის საელჩოს ხელშეწყობით კაფე „გოეთეში“. დაჯილდოებაზე სიტყვით გამოვიდნენ: კრიტიკოსი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, გერმანისტი, ლევან ბრეგაძე და აღმოსავლეთმცოდნე, პოეტი და მთარგმნელი, გიორგი ლობჟანიძე.
გოეთეს ინსტიტუტის ვებგვერდზე აღნიშნულია: „ნაირა გელაშვილის სახელს უკავშირდება ფრიდრიჰ ჰიოლდერლინის პოეზიის, ნოვალისისა და რაინერ მარია რილკეს პროზისა და ლირიკის, ელზე ლასკერ-შიულერის, გეორგ თრაკლის, გეორგ ჰაიმის და სხვათა ლექსების შესანიშნავი თარგმანები; ასევე, მონოგრაფიები ჰიოლდერლინის, ნოვალისის, რილკეს, პაულა მოდერზონ-ბეკერის შესახებ; მარტინ ჰაიდეგერის, თომას მანისა და ჰერმენ ჰესეს ვრცელი ესეების თარგმანი; ნაირა გელაშვილის მეცნიერული რედაქციით გამოცემულია რ.მ. რილკეს თხზულებათა ხუთტომეული.
ნაირა გელაშვილის გახლავთ მწერალ გივი მარგველაშვილის პირველი მთარგმნელი ქართულად (ლექსები, მინიატურები, პიესები, ფილოსოფიური ნაშრომები), მისი პირველი ბიოგრაფოსი, რეცენზენტი და გამომცემელი. მისი უშუალო ხელძღვანელობით (და დაფინანსებით) გამოცემულია გივი მარგველაშვილის ფილოსოფიური და ენათმეცნიერული თხზულებების ხუთტომეული.
გერმანიაში გამოცემულია ნაირა გელაშვილის მიერ გერმანულად დაწერილი დოკუმენტური წიგნი „საქართველო-სამოთხე ნანგრევებში“ (1993 აუფბაუფერლაგი) და ქართული მოთხრობის ანთოლოგია გერმანულად ვრცელი კრიტიკული აპარატით (2000, ზურკამპფერლაგი). ასევე: რომანი „მე ის ვარ“ და ნოველა „მივემგზავრები მადრიდს“.
ამგვარად, სიმბოლური იყო ნაირა გელაშვილის გივი მარგველაშვილის პრემიით დაჯილდოება 2018 წელს ფრანკფურტში, როდესაც საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე სტუმარი ქვეყნის სტატუსით წარდგა“.