ელისეს სასახლე: ნიკოლა სარკოზი საქართველოში ემანუელ მაკრონს წარმოადგენდა

ელისეს სასახლემ დაადასტურა გამოცემა Parisien-ის ინფორმაცია და განაცხადა, რომ პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს სთხოვა მისი სახელით დასწრებოდა საქართველოს ახალი პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციას, – წერს ფრანგული bfmtv.
„ყოფილი ფრანგი დიპლომატის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია კვირას საზეიმო ვითარებაში გაიმართა. ის ნოემბრის ბოლოს აირჩიეს და საქართველოს პირველი ქალი პრეზიდენტია. ცერემონიაზე ზურაბიშვილმა პირობა დადო, რომ განაგრძობს თავისი კავკასიური ქვეყნის პროდასავლურ კურსს“, – ნათქვამია სტატიაში.
გამოცემა წერს, რომ ელისეს სასახლის ცნობით, სარკოზის საქართველოში გაგზავნა „პრაგმატული და პუნქტუალური ნაბიჯი“ იყო საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის ოფიციალურ თბილისთან კავშირების გამო: ნიკოლა სარკოზი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში შუამავალი იყო, როგორც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის ლიდერი.
„ემანუელ მაკრონს თავის წინამორბედთან კარგი ურთიერთობა აქვს. ისინი ერთმანეთს 7 დეკემბერს ელისეს სასახლეში შეხვდნენ და საუზმეზე ზეგანაკვეთური შრომის გადასახადებისგან გათავისუფლების საკითხი განიხილეს, რომელიც წარსულში ნიკოლა სარკოზიმ შემოიღო, შემდეგ ოლანდმა გააუქმა, რომლის აღდგენასაც ემანუელ მაკრონი აპირებს“, – ნათქვამია სტატიაში.
ნიკოლა სარკოზი საქართველოში 16 დეკემბერს სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციაზე დასასწრებად ჩამოვიდა.
სარკოზის საქართველოში ვიზიტს მიხეილ სააკაშვილი გამოეხმაურა, რომელმაც საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტზე თქვა, რომ ის ფულის სანაცვლოდ ყველან ჩადის და რომ მას ფულს ხშირად რუსები უხდიან.
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს კონსტიტუციასა და ბიბლიაზე ფიცი 16 დეკმებერს დადო. მან პრეზიდენტის რანგში სიტყვაც წარმოთქვა.
28 ნოემბერს, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გამარჯვება დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა მოიპოვა. არჩევნების საბოლოო შედეგები შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები