ელჩების კონფერენციაზე თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხები განიხილეს

საქართველოს პარლამენტის შენობაში მიმდინარე „ელჩების კონფერენცია 2018-ის ფარგლებში“ საზღვარგარეთ საქართველოს ელჩებს თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხების განხილვის მიზნით მთავრობის წარმომადგენლები შეხვდნენ.როგორც „კვირას“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, პანელზე, რომელსაც მოდერატორობას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით
ზალკალიანი უწევდა წარმოდგენილები იყვნენ საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური, საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსი დავით სუჯაშვილი და შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენელი კახა ქემოკლიძე.
საუბრის ძირითად თემას თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევები და მათი გადაწყვეტის გზები წარმოადგენდა. მნიშნველოვანი ყურადღება დაეთმო ქვეყანაში უწყებათაშორის თანამშრომლობას და არსებულ პრობლემებთან ერთობლივი ძალებითა და კოორდინაციით გამკლავებას.
თავის გამოსვლაში ვახტანგ გომელაურმა ფართოდ მიმოიხილა საერთაშორისო ტერორიზმის ჭრილში საქართველოს პოზიცია და მასთან ბრძოლის საქმეში ჩვენი ქვეყნის როლი; მისდამი დაქვემდებარებული უწყების ანტიკორუფციული საქმიანობა; რადიაციული-ქიმიური და ბიოლოგიური მასალების კონტრაბანდისა და ექსპლუატაციის აღკვეთის მიზნით გაწეული ღონისძიებები. ხაზი გაესვა ახლო პარტნიორულ ურთიერობებს აშშ-თან, ბრიტანეთთან ევროკავშირთან და მის წევრ ქვეყნებთან.
უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა აღნიშნა ევროკავშირის წამყვან ქვეყნებთან საიდუმლო ინფორმაციის გაცვლის კუთხით თანამშრომლობაში ბოლო წლებში მიღწეული წარმატებები. მან ასევე მიმოიხილა საქართველოსა და რეგიონში უკანონო მიგრაციის საკითხები, ისევე როგორც საქართველოს მოქალაქეთა საზღვარგარეთ მიგრაციის საკითხები. ყურადღება დაეთმო გარეშე ძალების, მხრიდან პროპაგანდის, დეზინფორმაციისა და რბილი ძალის გამოყენებით ქვეყანაში ტურბულენტური გარემოს შექმნის მცდელობებს და ამ მიმართულებით უწყების კონტრქმედებებს.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამაც, რომელმაც მადლობა გადაუხადა ქართველ ელჩებსა და საქართველოს დიპლომატიურ კორპუსს ნატოსთან თანამშრომლობის კუთხით გაწეული მხარდაჭერისთვის. მისი თქმით, ნატოსთან თანამშრომლობის გაღრმავებისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების სტანდარტების ნატოს სტანდარტებთან თავსებადობის საქმეში, საგარეო საქმეთა სამინისტროს უდიდესი წვლილი მიუძღვის. საქართველო არსებით ღონისძიებათა პაკეტის განხორციელებით სამაგალითო მოდელად იქცა ნატოსთვის სხვა პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთობის ჭრილში.
ლევან იზორიამ ხაზი გაუსვა ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორთან აშშ-თან ურთიერთობების საკითხებს. მისი განმარტებით, აშშ-ში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით მნიშვნელოვანი პროგრესია მიღწეული სამხედრო სფეროში თანამშრომლობის კუთხით. მიმდინარე წლის შეჯამებისას თავდაცვის მინისტრმა გამოყო გერმანიასთან და საფრანგეთთან ორმხრივი კავშირების გაღრმავებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯები, მათ შორის, ურთიერთთანამშრომლობის შესახებ რამდენიმე მნიშვნელოვანი დოკუმენტის ხელმოწერა. ლევან იზორიამ დიპლომატებს გააცნო ის ძირითადი სტრატეგიული პროექტები, რომლებიც ამჟამად უცხოელ პარტნიორებთან ერთად თავდაცვის სამინისტროს მესვეურობით ხორციელდება. სამხედრო წვრთნებზე საუბრისას მინისტრმა ხაზი გაუსვა მომავალში დაგეგმილ სწავლებას Nobel Partner, სადაც ნატოს წევრი და პარტნიორი 28 ქვეყნის სამხედრო შენაერთი იქნება წარმოდგენილი, რაც უპრეცედენტოდ მაღალი მაჩვენებელია.
ქართველი ელჩების წინაშე დაზვერვის სამსახურის უფროსი დავით სუჯაშვილიც წარსდგა, რომელმაც მიმოიხილა ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები, უწყების საქმიანობა და მისი რეფორმირების საკითხი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენელმა კახა ქემოკლიძემ ელჩებს გააცნო სამინისტროში სისტემური განახლების კონცეფცია და მართლწესრიგის ოფიცრის საპილოტე პროგრამა. მან რეგიონში უნიკალურ საპატრულო მომსახურეობის ცენტრზე ისაუბრა, რაშიც განსაკუთრებული როლს თამაშობს ამერიკელ კოლეგებთან თანამშრომლობა და მათთან ერთად საქმისწარმოების ახალი მოდელების იმპლემენტაცია. კახა ქემოკლიძემ ხაზი გაუსვა მიმდინარე წელს აშშ-ის მიერ საქართველოსთვის სანაპირო დაცვის ხომალდების გადმოცემას.
უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობაზე საუბრისას აღინიშნა, რომ ღრმავდება კავშირები EVROPOL-თან და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია IOM-თან.
კახა ქემოკლიძემ ასევე ყურადღება გაამახვილა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საქართველოს მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მნიშვნელობაზე. ​

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები