ჭკუასელი პუტინის წინაშე ბურჭულაძის გამოსვლაზე: მიკვირს „ნაცმოძრაობის“ ორმაგი სტანდარტები, ახლა ჩუმად რატომ არიან?!

“ძალიან გამიკვირდა, როდესაც პაატა ბურჭულაძის კონცერტს ვუსმინე, მით უფრო რომ ამ კონცერტს ვლადიმერ პუტინიც ესწრებოდა“, – ამ სიტყვებით ეხმაურება ანსამბლ „ერისიონის“ სამხატვრო ხელმძღვანელი, ჯემალ ჭკუასელი სანკტ-პეტერბურგში გამართულ გალაკონცერტს, რომელზეც პაატა ბურჭულაძემ იმღერა და რომელსაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ესწრებოდა.
როგორც ჯემალ ჭკუასელმა „კვირასთან“ საუბრისას აღნიშნა, იგი გაკვირვებას გამოთქვამს „ნაციონალური მოძრაობის“ ორმაგი სტანდარტების გამო და წარსულს იხსენებს:
„როდესაც ეს კადრები ვნახე, ძალიან გამიკვირდა. მით უფრო, ამ კონცერტს რუსეთის პრეზიდენტიც ესწრებოდა. იმ წუთასვე გამახსენდა, რა განცხადებები აკეთეს მაშინ, როდესაც „ერიოსიონი“ მოსკოვში მიიწვიეს და კონცერტი უნდა გაგვემართა. როგორც მახსოვს, პაატა ბურჭულაძე გიორგი ვაშაძესთან ერთად არის პარტიაში. ძალიან მიკვირს, „ნაციონალური მოძრაობის“ ორმაგი სტანდარტები. ახლა ჩუმად რატომ არიან?! ზოგიერთი ისეთ კომენტარს აკეთებს, რომ სასაცილოა მათი მოსმენა, იქნებ შეთანხმდნენ მაინც და ერთნაირი განცხადებები გააკეთონ. ის, რაც პაატა ბურჭულაძემ გააკეთა სირცხვილია, მაგრამ ეს მისი საქმეა. საერთოდ, ხელოვნებს პოლიტიკა არ უნდა ეხებოდეს, ასე მიმაჩნია. „ერისიონს“ საზღვარგარეთ ქართული კულტურა გააქვს, პაატა მსოფლიო ბანია და შესანიშნავი მომღერალია, მაგრამ არ მგონია „ერისიონი“ არანაკლები იყოს. ჩვენ მაშინ კონცერტი გავაუქმეთ“, – აღნიშნა „კვირასთან“ საუბრისას ჯემალ ჭკუასელმა.
ცნობისათვის, რუსეთში დირიჟორ, იური ტემირკანოვის იუბილის აღსანიშნავად, სანკტ-პეტერბურგში გალა-კონცერტი გაიმართა, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ესწრებოდა.
გალაკონცერტზე, ქართველი ბანი პაატა ბურჭულაძეც წარსდგა, რომელმაც “დაისი” და ღვინოვ კახურო” შეასრულა.
დირიჟორს 10 დეკემბერს 80 წელი შეუსრულდა.
შეგახსენებთ, რომ 2014 წლის 14 აპრილს, უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო, “ერისიონმა” რუსეთში დაგეგმილი კონცერტი გააუქმა. ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა უკვე მიმდინარეობდა. მაშინ, აღნიშნული კონცერტის გამო, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ანსამბლ „ერისიონის“ გადაწყვეტილება მკვეთრად გააკრიტიკეს და სიტყვიერი შეურაცხოფაც მრავლად იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები