“ანა სორდიას სხეული იმდენადაა დეფორმირებული, რომ რთული დასადგენია რომელ მხარესაა გული, ფილტვი თუ კუჭი…”

39 წლის ანა სორდია ცერებრული დამბლით არის დაავადებული. მისი დედა ძალ-ღონეს არ იშურებს, რომ ქალიშვილს  სათანადო პირობები შეუქმნას, თუმცა საშინელი სიდუხჭირე არ იძლევა ამის საშუალებას.

დედა-შვილი ცხოვრობს სოფელ ქვემო ჩხოროწყუში საკმაოდ დუხჭირ პირობებში. მათ დასახმარებლად “ჩერნოვეცკის” ფონდმა გასული წლის ზაფხულში საქველმოქმედო აქცია გამოაცხადა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 81 ადამიანმა. შემოწირულმა თანხამ შეადგინა 863 ლარი. ფონდმა შეიძინა ანასთვის მედიკამენტები, ჰიგიენური საშუალებები და ჩაუტანა მას სოფელში. მას შემდეგ წელიწადნახევარი გავიდა.

ერთი კვირის წინ, “ჩერნოვეცკის” ფონდის თანამშრომლები კვლავ ჩავიდნენ სოფელ ქვემო ჩხოროწყუში და გაესაუბრნენ ანას დედას- მთვარისა:.

– როგორია დღეს თქვენი ქალიშვილის მდგომარება, არის თუ არა სასიკეთო ცვლილებები?

-არა, მდგომარეობა არ შეცვლილა. მისი სხეული იმდენადაა დეფორმირებული, რომ რთული დასადგენია რომელ მხარესაა გული, ფილტვი თუ  კუჭი… სერიოზული გამოკვლევაა საჭირო, ხოლო ამის საშუალება მე არ მაქვს და არც არასდროს მქონია. საიდან მოვიტანო მკურნალობის ფული? ჩვენ უკიდურეს სიღარიბეში ვცხოვრობთ.

-გასული წლის ზაფხულში შემოწირული თანხით ნაყიდი მედიკამენტები და ჰიგიენური საშუალებები რამდენ ხანს გეყოთ? 

-5 თვე არ მიყიდია პამპერსი. ძალიან დიდი შვება ვიგრძენი ამ მხრივ. ანაზეც სასიკეთოდ იმოქმედა დასამშვიდებელმა წამალმა.  უღრმესი მადლობა ადამიანებს, რომლებმაც გულთან ახლოს მიიტანეს ჩვენი გასაჭირი და გაგვიწოდეს დახმარების ხელი. ჩემო კეთილო ხალხი, უფალი გფარავდეთ მუდამ!

-ჩვენი პუბლიკაციის შემდეგ თუ მოგაკითხათ  ვინმემ?

-არა, არავინ ყოფილა… აბა ვინ უნდა ჩამოვიდეს ამ მიყრუებულ სოფელში? ეს მარტო თქვენ შეგიძლიათ და მინდა უდიდესი მადლობა გადაგიხადოთ იმ სიკეთისთვის, რასაც თქვენი ფონდი აკეთებს.

-მეზობლები გეხმარებიან ალბათ, არა?

-ძალიან კეთილი მეზობლები მყავს, მაგრამ დღეს ჩვენს სოფელში ყველას უჭირს, რთული გახდა საკუთარი თავის რჩენა…

-ამჟამად რა სახის დახმარება გესაჭიროებათ?

– რა, კიდევ შეგიძლიათ დაგვეხმაროთ? ეს ნამდვილად რომ დიდი საახალწლო საჩუქარი იქნება ჩემი ანასთვის. სულ დალოცვილი ყოფილიყავით, ღმერთმა გაგაძლიეროთ… ბოდიში, რომ ვერ ვიკავებ თავს და ცრემლები მომდის…

– ჩვენ მორიგ საქველმოქმედო აქციას გამოვაცხადებთ ანას დასახმარებლად. რა არის ახლა მისთვის ყველზე აუცილებელი?

-პამპერსი, წამლები, სპეციალური კვება…

-გინდათ, რომ მიმართოთ ხალხს?

-ჩემო კეთილო ხალხო, გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს! გისურვებთ ბედნიერებას და მხნეობას! ღმერთმა ყველას აშოროს ის მდგომარეობა, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ თითქოს ვიღაცამ დანა ჩამარტყა. რთულია უყურო შვილის ტანჯვას, „ყარაულობდე“ მის თითოეულ ამოსუნთქვას…

-გასაგებია, რომ თქვენი მთავარი სატკივარი არის ანას ჯანმრთელობა, მაგრამ  არის თუ არა კიდევ ისეთი რამ, რაზეც ფიქრობთ გამუდმებით?

– იცით, ძალიან მეშინია… პენსიაზე ვარ, ასაკს თავისი გააქვს, მაღალი წნევა დამჩემდა. ხშირად ვფიქრობ  – რა ეშველება ჩემს შვილს მე თუ რამე მომივიდა?! ეს მაღელვებს ყველაზე მეტად. ღმერთო, მომეც ძალა, რომ რაც შეიძლება მეტ ხანს ვიყო ჩემი გოგოს გვერდით და ერთად გავუძლოთ ამ ტანჯვას.

მეგობრებო, ჩაერთეთ “ჩერნოვეცკის” ფონდის აქციაში და თანადგომა აღმოუჩინეთ   ანა სორდიას, შეუმსუბუქეთ მის დედას სნეული ქალიშვილის მოვლა. მოდით, ერთიანი ძალებით  შევიძინოთ მათთვის საკვები პროდუქტები, ჰიგიენური საშუალებები და  მედიკამენტები! ეს ჩვენი საახალწლო საჩუქარი იქნება!

“ჩერნოვეცკის” ფონდის ანგარიშია GE15TB7194336080100003 ან  GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ანა სორდია). თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ფონდის საიტიდანაც.

 

R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები