ხელოვნების სასახლეში სვიმონ დადიანის პერსონალური გამოფენა/კატალოგის წარდგენა გაიმართება

17 დეკემბერს, 19:00 საათზე, ხელოვნების სასახლეში ქართველ მოდილიანად წოდებული, საფრანგეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ქართველი მხატვრისა და მოქანდაკის, სვიმონ დადიანის (1916-1975) პერსონალური გამოფენა გაიხსნება.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება  სიმონიკა დადიანის შემოქმედების ამსახველი სრული კოლექცია (სხვადასხვა ჟანრში შესრულებული ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები), რომელიც ხელოვანის ანდერძის თანახმად, მისი შთამომავლების ლია და მიხეილ ვოდეების, ხელოვნების სასახლის დირექტორის – გიორგი კალანდიას, საფრანგეთში საქართველოს ელჩის – მისი უმაღლესობა ეკატერინე სირაძე დელონეს, არჩილ გელოვანისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ძალისხმევით თავისუფალ საქართველოს დაუბრუნდა.
მხატვარი საფრანგეთის ქართული ემიგრაციის პირველი ტალღის შვილია. ის 5 წლისა იყო, როცა 1921 წელს, მისი ოჯახი (მამა – კოკი დადიანი, სენაკის მაზრის თავადაზნაურობის წინამძღოლი, მარშალი, დედა – მერი წერეთელი, სოლომონ მეფის შთამომავალი) საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დევნილ მთავრობასთან ერთად საფრანგეთში გადასახლდა.
მხატვარმა სამხატვრო განათლება ჯერ პარიზში, შემდეგ კი შეერთებულ შტატებში მიიღო. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, მუშაობდა ფერწერასა და სკულპტურაში ავანგარდის, მოდერნის მიმართულებით. აღსანიშნავია, რომ ამერიკამ მისი შემოქმედებითი გამოცდილება გააღრმავა და სათანადოდაც დააფასა. შეერთებული შტატების საგამოფენო დარბაზებში პერმანენტულად იფინებოდა სვიმონ დადიანის ქანდაკებები და ფერწერული ტილოები. მისი გახმაურებული ქანდაკება „შავი ტორსი“ 1953 წელს, თანამედროვე ხელოვნებისა და ფერწერის მე-15 გამოფენაზე საგანგებო პრემიითაც დაჯილდოვდა.
„დადიანის ნამუშევრებში გამოყენებულია სტილიზაციის მთელი სისტემა, რომელიც მოდილიანის სტილიზაციას მოგვაგონებს. მისი ქანდაკების დახვეწილი აბსტრაქტული ფორმები ადამიანის სხეულის ანატომიის ცოდნას ეფუძნება, ავლენს ავტორის იუმორის გრძნობას და განსაკუთრებული ძალით გადმოსცემს პიროვნების ხასიათის თავისებურებებს“. – 1953 წელი, ჟურნალი „Art gigost“ სიმონიკას შემოქმედების შესახებ.
გამოფენა ხელოვნების სასახლეშ 3 თვე გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები