ნათია მეზვრიშვილი: გუშინ ვინც კირკიტაძე ნახა გასაკვირი არ უნდა იყოს, რატომ დაინტერესდა გამოძიება მისით

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის დავით კირკიტაძის სახლთან პოლიციის გამოჩენის და მის მიმართ გამოძიების მხრიდან დაინტერესების შესახებ არსებულ კითხვებს უპასუხა.
მისი თქმით, ვინც ნახა გუშინ თუ რა მოქმედებებს ახორციელებდა დავით კირკიტაძე, გასაკვირი არ უნდა იყოს თუ რატომ ინტერესდება გამოძიება მისით.
„რაც შეეხება ბატონ კირკიტაძეს, ალბათ გასაკვირი არ უნდა იყოს, თუ ვინმემ ნახა გუშინ ბატონი კირკიტაძე რა მოქმედებებს ახორციელებდა, იქ თუ ნახეთ, ანუ პოლიციელზე თავდასხმას ჰქონდა ადგილი და ნივთების დაზიანებას ჰქონდა ადგილი, ალბათ გასაკვირი არ უნდა იყოს რატომ დაინტერესდა გამოძიება ბატონი კირკიტაძით. მიიღებს ალბათ ბატონი კირკიტაძე საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობას – ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ამის სურვილი გვაქვს და კანონით გათვალისწინებულ ზომებს მივმართავთ და შედეგების შესახებ საზოგადოებას დამატებით ეცნობება. ჩემთვის ამ ეტაპზე, ამ წუთებში უცნობია რა საგამოძიებო მოქმედებაში იღებს მონაწილეობას, თუმცა პოლიციას ბატონი კირკიტაძის მიმართ იმ ვიდეოჩანაწერებიდან გამომდინარე, რაც გუშინ მთელმა საზოგადოებამ იხილა ინტერესი რომ აქვს კანონის ფარგლებში, რა თქმა უნდა ეს გასაკვირი საზოგადოებისთვის არ უნდა იყოს. არა მხოლოდ ბატონ კირკიტაძეზეა საუბარი, იქ სხვა ადამიანებიც იყვნენ ჟურნალისტის საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებიც იყო. გვარებით და სახელებით სამწუხაროდ ახლა მე არ მინდა რომ მოვლენებს წინ გავუსწრო. საგამოძიებო მოქმედებებში ყველა ის ადამიანი, მათ შორის იქნება პოლიტიკური ლიდერი, მხარდამჭერი ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის და ყველა ის ადამიანი, ვინც რაიმე ფორმით გუშინ კანონს არღვევდა, დაბარებული იქნება პოლიციაში”,- განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები