რუსთავის თეატრში სპექტაკლ ,,დონ ჟუანის“ პრემიერა გაიმართება
21 დეკემბერს, 20:00 საათზე, გიგა ლორთქიფანიძის სახელობის, რუსთავის პროფესიულ-დრამატული თეატრში ამავე თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, რეჟისორ სოსო ნემსაძის ახალი სპექტაკლის ,,დონ ჟუანის“ პრემიერა გაიმართება. როგორც „კვირას“ თეატრიდან აცნობეს, სპექტაკლი ფრანგი დრამატურგის, ჟან-ბატისტ მოლიერის, შედევრად აღიარებული პიესის ,,დონ ჟუანი ანუ ქვის სტუმარის“ მიხედვით დაიდგა.
ირეალურ სამყაროდან მოვლენილი ფსევდოგმირი, მაღალი წრის თავხედი წარმომადგენელი. პერსონა, რომელიც ვერ მოიშორა სამყარომ, რადგან ის სულ მოთხოვნადია და საზოგადოებას მუდამ აოცებს. რატომ არ ემორჩილება საზოგადოება იმ ცვლილებას, რომელსაც დონ-ჟუანი ითხოვს? სად იკვეთება მისი პიროვნული თუ ქმედითი შეცდომები? ვინ არის იგი? ყველაზე დიდი ნაძირალა, ცოფიანი ძაღლი, მწვალებელი, ველური მხეცი, თუ გაიძვერა მექალთანე? ალბათ უფრო ცინიკოსი და ამპარტავანი.
სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორი სოსო ნემსაძეა, მხატვარი ბიძინა სიდიანი, კომპოზიტორი მიშა მდინარაძე, ქორეოგრაფი გია მარღანია, საბრძოლო და სასცენო მოძრაობაზე შოთა გეგიამ იმუშავა. მონაწილეობენ: ნიკა ჩხაიძე, სოსო ელიზბარაშვილი, სოფო ზერაგია, ლუკა ციხისთავი ,ანა შარვაძე, თეა შარვაშიძე, თეონა ხვედელიძე, ნათია მელაძე, ნათია არბოლიშვილი, ზურა ჯინჭარაძე, ზურაბ ჯინჭარაძე, ლაშა კანკავა, არჩილ მაკალათია.