თბილისის საერთაშორისო სოლიდარობისა და ინოვაციური დაფინანსების ფორუმის მეოთხე პლენარული სესია გაიმართა

თბილისის საერთაშორისო სოლიდარობისა და ინოვაციური დაფინანსების ფორუმის მეოთხე პლენარული სესია მდგრადი განვითარების მიზნების დაფინანსების ახალ ინსტრუმენტებს დაეთმო. ამ ახალ ინსტრუმენტებად კრიპტოვალუტა და ბლოკჩეინწბი განისაზღვრება.

სესიის მოდერატორის, თამარ ჭელიძის (პირველი კონსული, გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა) განცხადებით, სესიის განსახილველი საკითხი ინოვაციურ და ბლოკჩეინ პლატფორმებს გაეროს 2030 დღის წესრიგის დაფინანსებისათვის უკავშირდება. მისი თქმით, დღეისათვის მთავარი კითხვებია: გახდება თუ არა კრიპტოვალუტა და ბლოკჩეინი ძირითადი მამოძრავებელი მექანიზმები ინოვაციური დაფინანსებისათვის და გახდება თუ არა ტექნოლოგიების დეფიციტის რამდენიმე ტრილიონით შევსება რეალობა 2030 წლისათვის. მისივე თქმით, სწორედ ამ კითხვებზე ეცდებიან უპასუხონ სესიის მომხსენებლებმა.

ტოუფი სალიბამ (აღმასრულებელი დირექტორი Toda. Network, თანათავმჯდომარე UN AI/Blockchain initiative) ისაუბრა იმ საჭიროებებზე, რომლებიც აუცილებელია ბლოკჩეინების გასავრცეებლად მსოფლიოს 0.2 %-დან დანარჩენ 98.8 %-ში. შემდეგ კი მან სესიის მონაწილეთა მრავალრიცხოვან კითხვებს უპასუხა.

მაკა დელამილიეს (ანტვერპენის მენეჯმენტის სკოლა, ტექნოლოგიების პროფესორი) გამოსვლა დაეთმო თემას – BCT/DLT ტექნოლოგიების წვლილი მდგრადი განვითარების მიზნების რეალიზაციაში. ამ კუთხით, მან სესიის მონაწილეებს თავისი გამოცდილება გაუზიარა მდგრადი განვითარების მიზნების იმ მიმართულებებზე, რომლებიც ძირითადად ორ საკითხს უკავშირდება, ესაა – განათლება, ინოვაციები და მეცნიერება.

ვიქტორ პეტერმა (ბლოქჩეინ ლაბორატორია, GIZ) გერმანიის მაგალითზე, ისაუბრა ქვეყნის გამოცდილებასა და პერსპექტივებზე ბლოქჩეინტექნოლოგიების გამოყენებაზე 2030 მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად.

ბლოქჩეინ ტექნოლოგიების გამოყენებაში ქვეყნის გამოცდილებასა და პერსპექტივებზე ჩინეთის მაგალითზე ისაუბრა ფენგ ჟენგმა (გლობალური მარკეტინგის დირექტორი, Gingkoo). მისი თქმით, ჩინეთი ყოველთვის ცდილობს, რომ ახალი ტექნოლოგიების დანერგვის ექსპერიმენტების წინა ფრონტზე იყოს და დღეს კომპანია მაღალტექნოლოგიური გადაწყვეტილებების თაობაზე მუშაობს.

მარიამ ტურაშვილის  (პროექტების მართვის დეპარტამენტის უფროსი, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო) პრეზენტაციის თემა იყო „ბლოქჩეინები მთავრობისთვის, კონცეფციიდან რეალობამდე – საქართველო”. მან სტუმრებს მოკლედ გააცნო ბოლო წლებში საქართველოს ეკონომიკური აღმალობის დინამიკა. მარიამ ტურაშვილმა სესიაზე ხაზი გაუსვა ტექნოლოგიური განვითარების პირდაპირ კავშირს ეკონომიკურ ზრდასთან. მისი თქმით, საქართველო იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც ბლოქჩეინტექნოლოგიები გამოიყენა სამთავრობო სერვისებში და, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მაგალითით დაინტერესდნენ უცხოეთის სამეცნიერო წრეები.

„ჩვენ კონსულტაციებს ვუწევთ სხვადასხვა ქვეყნებს – სამხრეთ ამერიკის, აფრიკის ქვეყნებს. ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ გავხდეთ ბლოქჩეინის ჰაბი არა მარტო ქვეყანაში, არამედ რეგიონში”, – განაცხადა მარიამ ტურაშვილმა.

დასასრულს, მომხსენებლებმა სესიის მონაწილეთა კითხვებს უპასუხეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები