საქართველოში მოლდავეთის ვიცე პრემიერ-მინისტრი კრისტინა ლესნიკი ჩამოვიდა
საქართველოში მოლდავეთის ვიცე პრემიერ-მინისტრი კრისტინა ლესნიკი ჩამოვიდა.
როგორც “კვირას” საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სტუმარს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი დახვდა და ინაუგურაციის ცერემონიაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოში ჩამოსვლისთვის მას მადლობა გადაუხადა.
კრისტინა ლესნიკი თელავში ინაუგურაციის ცერემონიას დაესწრება და მონაწილეობას მის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში მიიღებს. აღსანიშნავია, რომ მოლდავეთიდან საქართველოში სწორედ ქრისტინა ლესნიკი ჩამოვიდა, რომელიც მტკიცედ და ურყევად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
კრისტინა ლესნიკი მონაწილეობას მიიღებს თბილისში დაგეგმილ ელჩების კონფერენციაშიც, სადაც კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების საკითხებისადმი მიძღვნილ სამუშაო სესიაზე სიტყვით გამოვა.
შეგახსენებთ, თელავში საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიაში მონაწილეობას მიიღებს მსოფლიოს 55-მდე ქვეყნის 150-მდე წარმომადგენელი.