საქართველოს ლიეტუვას სეიმის სპიკერი – ვიქტორას პრანკიეტისი ეწვია
საქართველოში, მე-5 პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიაზე დასასწრებად, მაღალი რანგის სტუმრები ჩამოდიან. როგორც “კვირას” საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ცოტა ხნის წინ, საქართველოს ლიეტუვას სეიმის სპიკერი – ვიქტორას პრანკიეტისი ეწვია.
ლიეტუველ სტუმარს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი დახვდა და მას ინაუგურაციაზე დასასწრებად საქართველოში ჩამოსვლისთვის მადლობა გადაუხადა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული პარტნიორული ურთიერთობები მოკლედ მიმოიხილეს და შემდგომი თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოხატეს.ლიეტუვას სეიმის სპიკერი თელავში ინაუგურაციის ცერემონიაზე დასწრების გარდა, მონაწილეობას მის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში მიიღებს.
ცნობისათვის, ვიქტორას პრანკიეტისი საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აქტიური მხარდამჭერია. სწორედ მისი სპიკერობის პერიოდში გახდა ლიეტუვა ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომლის პარლამენტმაც ოთხოზორია-ტატუნაშვილის რეზოლუცია მიიღო. აღსანიშნავია, რომ ვიქტორას პრანკიეტისის თაოსნობით ლიეტუვამ მიიღო დადგენილება, ლიეტუვურ ენაში ოფიციალურად დამკვიდრებულიყო საქართველოს ავთენტურ დასახელებაზე დაფუძნებული სახელწოდება. ამრიგად, ლიეტუვა გახდა პირველი სახელმწიფო, რომელიც საქართველოს ქართულ ენაში დამკვიდრებულ სახელწოდებას უწოდებს.
შეგახსენებთ, თელავში, საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიაში მონაწილეობას მსოფლიოს 55-მდე ქვეყნის 150-მდე წარმომადგენელი მიიღებს.