თბილისში საფერავის პირველი საერთაშორისო კონკურსი იმართება
თბილისში, საფერავის პირველი საერთაშორისო კონკურსი 15-16 დეკემბერს იმართება. ღონისძიების ორგანიზატორია ასოციაცია „ქართული ღვინო”, მხარდამჭერები კი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ღვინის ეროვნული სააგენტოები არიან.
საფერავის პირველი საერთაშორისო კონკურსის მიზანია, ხელი შეუწყოს საფერავის, როგორც წამყვანი ქართული ვაზის ჯიშის და მისგან წარმოებული მრავალფეროვანი ღვინოების ცნობადობის ამაღლებას მთელ მსოფლიოში.
ორი დღის განმავლობაში, კონკურსის ჟიურის წევრები 87 როგორც დიდი მწარმოებლის, ასევე, მცირე და საშუალო საოჯახო მარნების 200-მდე ღვინის ნიმუშს შეაფასებენ. 12-კაციანი ჟიური ქართველი და უცხოელი ექსპერტებისგან შედგება, რომლის თავმჯდომარე ცნობილი ბრიტანელი ჟურნალისტი და ღვინის მწერალი ენდრიუ ჯეფორდია.
კონკურსში მონაწილეობას იღებენ როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი მწარმოებლები. მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, წარედგინათ საფერავის ყურძნის ჯიშისგან ნებისმიერი ტექნოლოგიით წარმოებული ღვინო.
საფერავი უძველესი ქართული ვაზის ჯიშია. იგი ვაზის წითელი ჯიშების მსოფლიო ასორტიმენტის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელია. მაღალი ხარისხობრივი და უნიკალური თვისებებიდან გამომდინარე, საფერავის ჯიშის ყურძენი გაშენებულია არაერთ ქვეყანაში და მისგან მაღალი ხარისხის ღვინოები იწარმოება.