საქართველოს პარლამენტში სოლიდარობისა და ინოვაციური დაფინანსების მეორე საერთაშორისო ფორუმი გაიხსნა

0

„საქართველო, საფრანგეთსა და წამყვანი ჯგუფის სხვა წევრ ქვეყნებთან ერთად,  უზრუნველყოფს, რომ 2018 წლის თბილისის სოლიდარობისა და ინოვაციური დაფინანსების მეორე საერთაშორისო ფორუმის რეკომენდაციები  გაეროს უფრო მაღალი დონის დიალოგისთვის გადაეცეს”,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ თბილისის სოლიდარობისა და ინოვაციური დაფინანსების საერთაშორისო ფორუმზე (TISIFF 2018)  – „ინოვაციური და ბლოქჩეინის პლატფორმები მდგრადი განვითარების 2030 მიზნების დასაფინანსებლად” განაცხადა.

ორდღიანი კონფერენცია საქართველოს პარლამენტში, ირაკლი კობახიძის მისასალმებელი სიტყვით გაიხსნა.

„საქართველოს, როგორც განვითარების ინოვაციური დაფინანსების წამყვანი ჯგუფის თავმჯდომარე ქვეყანას, უდიდესი პატივი ხვდა წილად, უმასპინძლოს თბილისის  საერთაშორისო სოლიდარობისა და ინოვაციური დაფინანსების მეორე ფორუმს.  მოხარულები ვართ, რომ წელს, საქართველოს პარლამენტი წარმოადგენს ფორუმის წამყვან ორგანიზაციას საქართველოს მთავრობასთან, გაეროს, საფრანგეთის ევროპულ და საგარეო საქმეთა სამინისტროს ბაზაზე არსებული ინოვაციური დაფინანსების წამყვანი ჯგუფის მუდმივმოქმედ სამდივნოსა და თბილისის საკრებულოსთან თანამშრომლობით”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, ღია მმართველობის პარტნიორობისა და ინოვაციური დაფინანსების წამყვანი ჯგუფის თავმჯდომარეობამ საქართველოს უნიკალური შესაძლებლობა მისცა, ხელი შეეწყო 2030 წლის მდგრადი განვითარების მიზნების თაობაზე საერთაშორისო დიალოგისთვის.

სიტყვით გამოსვლისას, ირაკლი კობახიძემ განვითარების დღის წესრიგისთვის ინოვაციური დაფინანსების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, ინოვაციური დაფინანსების ინსტრუმენტები მნიშვნელოვანი კატალიზატორებია მდგრადი განვითარების მიზნების დასაფინანსებლად, მაშინ, როდესაც შიდა საბიუჯეტო რესურსები დაბალ და საშუალო შემოსავლიან ქვეყნებში შეზღუდულია.

„მდგრადი განვითარების 17 მიზნის წარმატებული განხორციელება გამოწვევის წინაშე დადგა არსებითი ფინანსური გარღვევის გამო – დაახლოებით 2.5 ტრილიონი აშშ დოლარი ყოველწლიურად. ინოვაციური დაფინანსების ინსტრუმენტები უმნიშვნელოვანეს კატალიზატორებად მოგვევლინა მდგრადი განვითარების მიზნების დასაფინანსებლად, მაშინ, როდესაც შიდა საბიუჯეტო რესურსები შეზღუდულია დაბალ და საშუალოშემოსავლიან ქვეყნებში და ოფიციალური განვითარების დახმარება ასევე შეზღუდულია მთლიანი ეროვნული შემოსავლის 0.7%-მდე”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძემ იმედი გამოთქვა, რომ ფორუმზე შემუშავებული რეკომენდაციები ინოვაციური დაფინანსების საერთაშორისო დიალოგში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს.

„განსაკუთრებით ველით თქვენგან გამოცდილებისა და რეკომენდაციების მოსმენას იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა გაუმჯობესდეს ინოვაციური დაფინანსების პროგნოზირება, გენერირება, კოორდინაცია და გავლენის შეფასება 2030 წლის დღის წესრიგისათვის“,- მიმართა მონაწილეებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ. ​

კომენტარები

კომენტარი