განათლების მინისტრის მოადგილე: მინისტრის მიერ ფრანკფურტში გაწეულ ხარჯებთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია სიმართლე არაა

განათლების მინისტრის მოადგილის, ლევან ხარატიშვილის განცხადებით, ფრანკფურტში მინისტრი მხოლოდ დელეგაციასთან ერთად მოძრაობდა, რომელიც 10-12 კაცისგან შედგებოდა და მათ ყველას ერთად ემსახურებოდა მინივენი, მათ შორის, აპარატურის და წიგნების გადასატანადაც.
“განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ვიზიტის ხარჯებთან დაკავშირებით გავრცელებულ მასალაში ასახული ინფორმაცია არის მცდარი და სრულად ინტერპრეტირებული. სამინისტროს მიერ გაცემული დოკუმენტაცია და მასში ასახული ტრანსპორტირების ხარჯი ეხება მთელ დელეგაციას და მინისტრი, როგორც პასუხისმგებელი პირი, აწერს ხელს. ეს არის აბსოლუტურად გამართლებული, ჩვეულებრივი პროცედურა”, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ, ლევან ხარატიშვილმა.
განათლების სისტემის წინააღმდეგ მიზანმიმართული, ცილისმწამებლური კამპანია გრძელდება, განათლების სამინისტრო გამოეხმაურა ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, ქალაქ ფრანკფურტში გაწეულ ხარჯებთან დაკავშირებით, სადაც საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით იყო წარმოდგენილი. სამინისტროს მიერ 14 დეკემბერს გავრცელებული განცხადებით: ​„სტატიაში მითითებული, უწყების მიერ საჯარო ინფორმაციით გაცემული გადაადგილებისთვის საჭირო თანხები მოიცავს 2018 წლის 9-14 ოქტომბერს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე სამინისტროს დელეგაციის და არა მხოლოდ მინისტრის გადაადგილების ხარჯებს. არაერთი მასშტაბური ღონისძიების დაგეგმვისა და ორგანიზებისთვის სამინისტროს დელეგაცია შედგებოდა როგორც პრესცენტრის, პროტოკოლის, საორგანიზაციო და გადამღები ჯგუფების, სამეცნიერო და კულტურული მიმართულებების თანამშრომლებისგან, ასევე, რა თქმა უნდა, მინისტრისა და მოადგილეებისგან. შესაბამისად, დაქირავებული მიკროავტობუსი – მინივენი 5 დღის მანძილზე, ემსახურებოდა როგორც მთელ დელეგაციას, ასევე, გამოიყენებოდა ღონისძიებების ლოკაციებზე გადაადგილებისა და შესაბამისი აპარატურის, საგამოფენო წიგნებისა და მასალების გადატანისთვის. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ წიგნის ბაზრობის გარდა, ფრანკფურტის სხვადასხვა ლოკაციაზე განხორციელდა არაერთი ლიტერატურული, სამეცნიერო, თეატრალური, მუსიკალური, საგამოფენო, სამეცნიერო ღონისძიება.
კატეგორიულად გვინდა განვაცხადოთ, რომ დელეგაციის ყველა წევრის ხარჯი სრულად შეესაბამება კანონით დადგენილ ლიმიტსა და ნორმებს. აქვე აღვნიშნავთ, რომ სამინისტრო აქტიურად მუშაობს და საზოგადოებას ახლო მომავალში წარუდგენს კონკრეტულ გეგმას განათლების სისტემის ტრანსფორმაციისთვის, რომელიც განათლების ყველა კომპონენტის განვითარებას გულისხმობს. ეს არის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი ქვეყნის წინსვლისთვის და ამ ტიპის მიზანმიმართული ქმედებები აზიანებს როგორც რეფორმის დანერგვას, ასევე, განათლების სისტემის სრულფასოვან ფუნქციონირებას”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები