ფინანსთა მინისტრი: თუ ჩვენ დაგროვებით პენსიაზე ვერ გადავედით, ვერასდროს იქნება პენსია საკმარისი ღირსეული ცხოვრებისთვის

„საპენსიო რეფორმა ადრე თუ გვიან დასაწყებია. აქ არის საქმე ძალიან მარტივად, თუ ჩვენ დაგროვებით პენსიაზე ვერ გადავედით, ვერასდროს იქნება პენსია საკმარისი ღირსეული ცხოვრებისთვის“, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა საპენსიო რეფორმის საკითხის კომენტარისას განაცხადა.
როგორც მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, დაგროვებითი პენსია ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია იმისთვის, რომ ადამიანებს ჰქონდეთ უზრუნველყოფილი სიბერე.
“კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ ეს არ არის 4 პროცენტი გადასახადი, ცვლილება საგადასახადო კოდექსში არ მიგვიღია, ეს არ არის გადასახადი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმისთვის, რომ ადამიანებს ჰქონდეთ უზრუნველყოფილი სიბერე. არის კრიტიციზმი ამ მიმართულებით, რომ დღეს დაწყებული დაგროვება როდის მოუწევს ადამიანს, ამას სჭირდება 20 წელი რომ ღირსეული პენსია ჰქონდეს? დღეს ვინც იხდის იმას მოუწევს თუ არა? ამ კითხვის ნიშნებით არის გათვალისწინებული და შემუშავებული ეს საპენსიო რეფორმა, იმიტომაც არის რომ 40 წელს ზემოთ ეს არის ნებაყოფლობითი, მანამდე კი, სავალდებულო. საპენსიო რეფორმა ადრე თუ გვიან დასაწყებია. აქ არის საქმე ძალიან მარტივად, თუ ჩვენ დაგროვებით პენსიაზე ვერ გადავედით, ვერასდროს იქნება პენსია საკმარისი ღირსეული ცხოვრებისთვის. საყოველთაო პენსია, დღეს რა სახითაც არის, არითმეტიკულად იქნება შეუძლებელი იმ თანხაზე ავიდეს. ამიტომ წავედით დაგროვებითი გზით. არანაირ 4-პროცენტიან გადასახადს არ აქვს ადგილი – 2 პროცენტს დებს დასაქმებული, 2 პროცენტს დამსაქმებელი, ხოლო 2-სახელმწიფო და ეს ყველაფერი გროვდება ინდივიდუალურად თქვენს ანგარიშზე. ეს რომ გადასახადი იყოს, წავიდოდა ბიუჯეტში და სხვა მიზნებისთვის გამოიყენებოდა. მაგრამ თანხა დევს თქვენს ანგარიშზე, მერე ხდება საპენსიო სააგენტოს მიერ ამის მართვა, გაბევრება, სწორი ინვესტიციებით, ხარისხიანად დაბანდება თქვენი ფულის. სანამ ეს კანონი მიიღებოდა იყო ფართო კონსულტაციები ბიზნესთან, შესაბამისად, კონცეპტუალურ ნაწილთან კითხვები არ არის. ტექნიკურ ნაწილზე კი, როგორ უნდა მოხდეს ამის განხორციელება, რა უნდა გააკეთონ ორგანიზაციებმა, სად და რა ტიპის ინფორმაცია უნდა გააგზავნონ, შეიძლება მანდ იყოს რაღაც ტიპის ცნობადობის ნაკლებობა და ყველა ბუღალტერი არ გრძნობდეს თავს კომფორტულად რა უნდა გააკეთოს. მაგრამ საპენსიო სააგენტო საინფორმაციო კამპანიას გეგმავს და აკეთებს, რომ მაქსიმალურად გაიგოს ბიზნესმა რა უნდა გააკეთოს. საპენსიო რეფორმის გადავადებაზე არა მგონია საუბარი იყოს. ამას ყველაფერს კანონი არეგულირებს”, – განაცხადა მაჭავარიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები