მარნეულის ყოფილი მერი თემურ აბაზოვი პატიმრობიდან 10000 ლარის სანაცვლოდ გათავისუფლდა
რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის გადაწყვეტილებით, მარნეულის ყოფილ მერს თემურ აბაზოვს აღმკვეთი ღონისძიება შეეცვალა და პატიმრობიდან გათავისუფლდა.
ყოფილ საჯარო პირს პატიმრობა გირაოს სანაცვლოდ შეეცვალა. ბრალდებულის ადვოკატის მოთხოვნას, რომ ბრალდებულს წინასწარის პატიმრობა 10000 ლარის გირაოს სანაცვლოდ შეეცვალათ, პროკურორი დასთანხმდა, რაზეც მოსამართლემ გადაწყვეტილება მიიღო.
როგორც „კვირას“ რუსთავის საქალაქო სასამართლოში განუცხადეს, მოსამართლემ აღნიშნული გადაწყვეტილება დღევანდელ პროცესზე მიიღო.
თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ თემურ აბაზოვის მიმართ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით სასამართლო განხილვა გაგრძელდება.
შეგახსენებთ, რომ 2018 წლის 13 ივნისს, რუსთავის პროკურატურამ მარნეულის ყოფილი მერი თემურ აბაზოვი დააკავა. 14 ივნისს კი, მას სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
საჯარო მოხელის დაკავება სოციალურ ქსელში გავრცელებულ, დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ამსახველ კადრებთან დაკავშირებით, მოხდა. ვიდეოკადრების მიხედვით, თემურ აბაზოვმა ელჩინ ალახვერდიევს სახეში დაარტყა და შეაფურთხა, შემდეგ კი სოციალურ ქსელში ვიდეოჩართვით ბოდიშის მოხდა აიძულა, წინააღმდეგ შემთხვევაში, უკანა ტანში ბოთლის მეშვეობით სექსუალური ძალადობით დაემუქრა. საქმის მასალების თანახმად, ჭიქაში მოშარდვაც და ფეკალური მასალით სახის დაბანა დაზარალებულს აბაზოვმა მოსთხოვა.
სწორედ ამ ვიდეოს გამო, პროკურატურამ მარნეულის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი პროკურატურაში 2018 წლის, 12 ივნისს დაიბარა.
პროკურატურის ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება ჯგუფურად განხორციელებული არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 144”’ მუხლის მეორე ნაწილის “ე” ქვეპუნქტით მიმდინარეობდა.