დუშეთში, ლაკათხევის კვირიას სახელობის ეკლესიას  კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა

დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაკათხევში გვიანი შუა საუკუნეების კვირიას სახელობის ეკლესიას  კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. სტატუსი ძეგლმა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის, ნიკოლოზ ანთიძის 22 ოქტომბრის ბრძანებით მიიღო.
დარბაზული ტიპის ეკლესია (3,6×3,5) ნაგებია ნატეხი ქვით. სამხრეთ-დასავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეებში შეინიშნება ერთსაფეხურიანი ქვის ცოკოლი. სწორკუთხა ფორმის კარი გაჭრილია დასავლეთიდან. აღმოსავლეთითა და სამხრეთით თითო სარკმელია, რომელთა ზომაც მოგვიანო პერიოდში შემცირებულია.
ორფერდა სახურავის კეხი მიმართულია სამხრეთიდან ჩრდილოეთისაკენ, მოგვიანო პერიოდში გადახურულია თუნუქით. ტაძარს გაკეთებული აქვს ახალი ლავგარდანი, რომლის გაყოლებაზეც, ქვედა მხარეს ძველი ლავგარდანის კვალია. ჩრდილოეთითა და სამხრეთით დახრილი კარნიზის ქვემოთ განირჩევა თარო კარნიზი, საიდანაც აღმოსავლეთ და დასავლეთ კედლებზე გრძელდება ჰორიზონტალური კარნიზი. სწორკუთხა საკურთხევლის აღმოსავლეთ კედელში შიგნით ოთხკუთხა სარკმელია, რომელსაც საფეხურებად დამუშავებული რაფა აქვს, სარკმლის ქვემოთ დგას ნატეხი ქვით ნაგები ტრაპეზი, მსგავსი ნაგებობაა საკურთხევლის ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეშიც.
ჩრდილოეთ კედელში გაჭრილია პატარა სწორკუთხა ნიში. კედლები მოგვიანო პერიოდში შელესილია, გარედან ნაგებობა თეთრადაა შეღებილი. ტაძარს ჩრდილოეთიდან აშენებული აქვს ზუდე.
ძეგლის სტატუსისათვის მისანიჭებელი საჭირო მახასიათებლებია: აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთისთვის მახასიათებელი არქიტეტურული ფორმები, სიძველე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები