წყნეთის ინციდენტში მონაწილე პირს პატიმრობა შეეფარდა

წყნეთის ერთ-ერთ რესტორანში დაჭრის ფაქტზე დაკავებულ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომელს, ემზარ ზურაბიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო, რომლის გასაჩივრებასაც დაცვის მხარე შემდგომ ინსტანციაში აპირებს.

გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულმა მიმდინარე წლის 10 დეკემბერს, ღამით, წყნეთის ერთ-ერთ რესტორანში მომხდარი დაპირისპირების დროს, თავის არეში საგნის ჩარტყმით დაზიანება მიაყენა 1985 წელს დაბადებულ ჭ.გ-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა ე.ზ. მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიება საგნის იარაღად გამოყენებით ჩადენილი ხულიგნობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამართალდამცავები ამ დრომდე ეძებენ გიორგი ყანჩაველს, რომელმაც გამოძიების ინფორმაციით, ცივი იარაღის გამოყენებით დაზიანებები მიაყენა სამ პირს. მის დასაკავებლად ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები