საქალაქო სასამართლო მეუფე იაკობთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

„მცდარია განცხადება იმის თაობაზე, რომ მოპასუხეს დაევალა ბოდიშის მოხდა“, – ამის შესახებ ნათქვამია თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც ადვოკატ მიხეილ რამიშვილისა და სასულიერო პირს შორის სასამართლო დავის გადაწყვეტილებას ეხება.
სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებას „კვირა“ უცვლელად გთავაზობთ.
„თბილისის საქალაქო სასამართლო ეხმიანება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ერთ-ერთი სამოქალაქო დავის შედეგთან დაკავშირებით.
2018 წლის 11 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ დაასრულა სამოქალაქო საქმის განხილვა, მოსარჩელე მიხეილ რ.-სა და მოპასუხე კონსტანტინე ი.-ს მიმართ. სასარჩელო მოთხოვნის არსს წარმოადგენდა ტელეკომპანია ,,იბერია“-ს ეთერში, გადაცემა ახალ ამბებში მოხსენიებული ინფორმაციის სინამდვილესთან შეუსაბამობის დადგენა, ამის შესახებ ცნობის გამოქვეყნება და ასევე მორალური ზიანის ანაზღაურება.
საქმე ეხება, 2017 წლის 21 სექტემბერს, მოსარჩელის მისამართით მედიაში საჯაროდ გაკეთებულ განცხადებას, რომლითაც მოპასუხემ მოსარჩელე მოიხსენია, როგორც მაბეზღარა ადამიანი და სანდრო გირგვლიანის საქმეზე ჩანერგილი აგენტ-პროვოკატორი, რომელიც ინფორმაციას აწვდიდა ყოფილ მაღალჩინოსნებს.
მას შემდეგ, რაც სხდომაზე დაიკითხა სანდრო გირგვლიანის ოჯახის წარმომადგენელი და ასევე სხვა ადვოკატი (რომელიც მოსარჩელესთან ერთად იცავდა სანდრო გირგვლიანის ოჯახის ინტერესებს იმ საქმეში), რომლებმაც ხაზი გაუსვეს მოსარჩელის კეთილსინდისიერებას გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით, სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
მცდარია განცხადება იმის თაობაზე, რომ მოპასუხეს დაევალა ბოდიშის მოხდა, ასეთ შესაძლებლობას საქართველოს კანონმდებლობა არ უშვებს.
მოპასუხეს დაეკისრა საჯაროდ გაცხადება იმისა, რომ მის მიერ გაჟღერებული ზემოხსენებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს; მოპასუხეს ასევე დაეკისრა სიმბოლურად 1 ლარის ანაზღაურება მოსარჩელის სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურებისათვის“ – ნათქვამია განცხადებაში. ]
ცნობისათვის, სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება, მედიასაშუალებით სხვადასხვა ინტრპრეტაციით გავრცელდა, კერძოდ: „ მეუფე იაკობს ბოდიშის მოხდა და ერთი ლარის გადახდა დაეკისრა“

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები