რა ვითარებაში მოკლა მამინაცვალმა გერი -სასამართლო განცხადებას ავრცელებს

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, თამარ გამრეკელაშვილის მკვლელობისათვის ბრალდებულ ვეფხია ბაქრაძეს უვადო პატიმრობა შეეფარდა.
აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით სასამართლო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „კვირა“ უცვლელად გთავაზობთ.
„2018 წლის 10 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი თამარ გ.-ს მკვლელობის ფაქტზე, ბრალდებულების ვეფხია ბ.-სა და თეიმურაზ ბ.-ს მიმართ.
საქმე ეხება 2018 წლის 30 მარტს ქ. თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე, შურისძიების მოტივით არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით გერის მკვლელობას, რა დროსაც ბრალდებულმა თამარ გ.-ს გულ-მკერდისა და ყელის არეში მრავლობითი ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა მიაყენა. დანაშაულის ჩადენის შემდეგ, ვეფხია ბ. თელეთში ნათესავის თეიმურაზ ბ.ს საცხოვრებელ სახლში იმალებოდა.
ბრალდებულმა ვეფხია ბ.-მ დახურულ სასამართლო სხდომებზე თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში, თუმცა საქმეში არსებული და სხდომებზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, სასამართლომ იგი დამნაშავედ ცნო ოჯახის ერთი წევრის მიერ, ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჩადენილ დანაშაულებებში: კერძოდ,განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობაში, სიცოცხლის მოსპობის მუქარაში, ნივთის დაზიანებასა და სისტემატურ ცემაში, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოყოლია ამ კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ვეფხია ბ. -ს დანაშაულთა ერთობლიობით და შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად უვადო თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.
ოჯახის ერთი წევრის მიერ, ოჯახის სხვა წევრის მიმართ თავისუფლების უკანონო აღკვეთაში, დამცირება, არაადამიანური, პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენებასა და ქორწინების იძულებაში, ასევე ოჯახის ერთი წევრის მიერ, ოჯახის სხვა წევრის გაუპატიურების ბრალდების ნაწილში ვეფხია ბ. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა, რადგან ვერ იქნა წარმოდგენილი უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც საკმარისი იქნებოდა პირის დამნაშავედ ცნობისთვის.
ბრალდებული თეიმურაზ ბ. გამტყუნდა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისათვის წარდგენილ ბრალდებაში და მას სასჯელის სახედ და ზომად ორი წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა“ – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები