გიორგი კაკაურიძე: ეკონომიკურმა ზრდამ დაახლოებით 250 მილიონი ლარით მეტი შემოსავალი მოგვცა

„ეკონომიკურმა ზრდამ დაახლოებით 250 მილიონი ლარით მეტი შემოსავალი მოგვცა“, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ განაცხადა.
მისივე განმარტებით, მიმდინარე წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული იყო 4,5 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა, ათი თვის მონაცემებით კი, 5 პროცენტია.
„ეკონომიკურმა ზრდამ დაახლოებით 250 მილიონი ლარით მეტი შემოსავალი მოგვცა. ეს ნაწილდება მუნიციპალიტეტებზე, ასევე 200 მილიონი ლარია ბიუჯეტში“, – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.
2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებების პროექტს პარლამენტის კომიტეტებში განიხილავენ.
ცნობისათვის, 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებები შედის. მთავრობამ კანონპროექტი პარლამენტში უკვე წარადგინა.
დოკუმენტში 4.5-დან 5 პროცენტამდე იზრდება ეკონომიკური ზრდის პროგნოზი. ამ ფონზე, 240 მილიონი ლარი ემატება ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების გეგმას. ხდება ცალკეული უწყებების ხარჯების კორექტირება. მათ შორის, ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტი, დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით, 269 მილიონი ლარით მცირდება, რაც სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელების გადავადებას უკავშირდება.
შემოსავლების გადაჭარბებიდან გამომდინარე, ასევე საკრედიტო რესურსების ნაწილის მომდევნო წლებში გადატანის გათვალისწინებით, 2.8-დან 2.3 პროცენტამდე მცირდება 2018 წლის ბიუჯეტის დეფიციტი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები