შსს-მ ფონიჭალაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1985 წელს დაბადებული ფ.ი. ფონიჭალაში დააკავეს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
როგორც “კვირას” უწყებიდან აცნობეს, სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას ერთ შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება “ჰეროინი”, ხოლო მისი კუთვნილი ავტომანქანის ჩხრეკისას 42 შეკვრად დაფასოებული სულ 50 გრამი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი ამოიღეს, რაზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.
გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმდინარე წლის განმავლობაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება ამოიღო და 116 ნარკორეალიზატორი დააკავა. ამოღებულია: 35 კილოგრამი „ჰეროინი“, 6 კილო და 600 გრამი „კოკაინი“, 12 ათასამდე აბი „სუბოტექსი“ და „სუბოქსინი“, 3 კილოგრამამდე „მდმა“, ასევე, 1კილო და 500 გრამი სხვადასხვა სახის ფსიქოტროპული მედიკამენტები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები