თინა ბოკუჩავა: 16 დეკემბერს გაერთიანებული ოპოზიციის აქციის ჩატარების ერთ-ერთ ადგილად თელავიც განიხილება

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის, თინა ბოკუჩავას ინფორმაციით, 16 დეკემბერს გაერთიანებული ოპოზიციის აქციის ჩატარების ერთ-ერთ ადგილად თელავიც განიხილება. მისივე თქმით, შეირჩევა ისეთი ადგილი და ფორმატი, რომელიც ყველაზე ეფექტური და სწორი იქნება ქვეყნისთვის.
„ეს არის ფართო პოლიტიკური ერთობა, რომელიც გაერთიანებულია გრიგოლ ვაშაძის გარშემო. გადაწყვეტილება ასეთ ფორმატში მიიღება. აქციასთან დაკავშირებით გაგრძელდება კონსულტაციები, შევარჩევთ ისეთ ადგილსა და ფორმატს, რომელიც ყველაზე ეფექტური და სწორი იქნება ქვეყნისთვის.
ვადასტურებ, რომ 16 დეკემბრის აქციისთვის ბევრი სხვადასხვა ლოკაცია, ბევრი სხვა ქალაქი და ბევრი სხვა ფორმატი განიხილება. იმისთვის, რომ ჩვენი გზავნილი ხელისუფლებას ყველაზე ეფექტურად, ყველაზე ნათლად, მტკიცედ და გარკვევით მივაწვდინოთ. ამაზე მეტის თქმა ნამდვილად არ შემიძლია. ჩვენს გზავნილში არ ვგულისხმობ ჩემი ან რომელიმე ცალკეული პარტიისა თუ საპრეზიდენტო კანდიდატის გზავნილს.
ჩვენს გზავნილში ვგულისხმობ იმ 800 ათასი ამომრჩევლის გზავნილს, რომელმაც მიუხედავად ზეწოლის, მოსყიდვისა და გაყალბებისა, მხარი მაინც გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატს დაუჭირა. ეს ამომრჩევლების უპრეცედენტოდ მაღალი რაოდენობაა. “ქართულმა ოცნებამ” დაახლოებით იგივე რაოდენობის ხმები მოიპოვა, როდესაც 2016 წელს პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა გაიფორმა“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები