„ყოველდღიურ რეჟიმში უნდა ვიყოთ მზად იმ სტრატეგიული ამოცანის განხორციელებისთვის, რასაც ჩვენი ქვეყნის ნატოში გაწევრიანება ჰქვია“

0

„ჩვენი ქვეყნის პოლიტიკა ნატოსთან და ევროკავშირთან მიმართებაში სტრატეგიულ მზადყოფნასთან გავაიგივე, რაც ნიშნავს, რომ ყოველდღიურ რეჟიმში მზად უნდა ვიყოთ იმ სტრატეგიული ამოცანის განხორციელებისთვის, რასაც ჩვენი ქვეყნის ნატოში გაწევრიანება ჰქვია“, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ 2018 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
უწყების ხელმძღვანელმა გამოსვლა თავდაცვის პოლიტიკის პრიორიტეტების განხილვით დაიწყო და სტრატეგიული მზადყოფნის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
მისი თქმით, თავდაცვის მიმართულებით ეს თავდაცვის მზადყოფნის გაძლიერებას უკავშირდება. ლევან იზორიამ მეორე ამოცანად ნატოსთან თავსებადობის გაზრდა დაასახელა და აღნიშნა, რომ შეიარაღებულ ძალებში ნატოს თანამედროვე სტანდარტების დანერგვა ყოველდღიურად ხორციელდება.
თავდაცვის მინისტრმა ორ მნიშვნელოვან პრინციპზე გაამახვილა ყურადღება – შეკავების პოლიტიკა და ტერიტორიული თავდაცვა.
„შეკავების პოლიტიკა გულისხმობს: ჩვენი შეიარაღებული ძალები გავხადოთ ისეთი ძლიერი, რომ პოტენციურ აგრესორს გაცნობიერებული ჰქონდეს, თავდასხმის შემთხვევაში ის ადეკვატურ პასუხს მიიღებს და მას ეს დიდი პოლიტიკური და სამხედრო ფასი დაუჯდება. ტერიტორიული თავდაცვის პრინციპი კი, გულისხმობს, რომ სამხედრო აგრესიის შემთხვევაში, აგრესორი სამხედრო გზით უნდა შეჩერდეს. შესაბამისად, ჩვენი ეროვნული თავდაცვის გეგმა, ოპერატიულ მოთხოვნებთან მიმართებაში ჰიბრიდულ საფრთხეებთან ადეკვატური უნდა იყოს“ , – აღნიშნა ლევან იზორიამ.
მინისტრის განცხადებით, ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში საქართველო სამაგალითო ქვეყანად დასახელდა, რისი მიზეზიც ფინანსური მიმართულებით ნატოს სტანდარტების დაკმაყოფილება გახდა.
„თავდაცვის ბიუჯეტის 20% მიმართულია ძირითადი შეიარაღების შეძენაზე. თავდაცვის ბიუჯეტის 66%, რომელიც მიმართული იყო პერსონალურ დანახარჯებზე შემცირდა 53%-მდე და უკვე ვაკმაყოფილებთ ამ კონტექსტში ნატოს სტანდარტს. თავდაცვის მიმართულებით კი, მთლიანი შიდა პროდუქტის 2% იხარჯება. ამ ბიუჯეტის რაციონალურად დანაწილება იყო მთავარი ამოცანა, რაც წელს, ნატოს სტანდარტების შესაბამისად განვახორციელეთ” , – განაცხადა ლევან იზორიამ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა უწყების 2018 წლის საქმიანობა „არმიჰოლში“ გამართული შეხვედრისას შეაჯამა, რომელსაც თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი