ლევან სამუშია: ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების აუცილებლობა არ დგას, საჭიროა, პროპორციულ სისტემაზე გადასვლა

„თავისუფალი დემოკრატები“ მიიჩნევენ, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების აუცილებლობა არ დგას. ამის შესახებ „თავისუფალი დემოკრატების“ აღმასრულებელმა მდივნმა, ლევან სამუშიამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა.
მისი თქმით, ვადამდელი არჩევნები შეიძლება ხელისუფლების და „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესში შედიოდეს.
როგორც სამუშიამ აღნიშნა, უმნიშვნელოვანესია საარჩევნო სისტემის ცვლილება და ამ მოთხოვნაში ოპოზიციას ეთანხმება.
„თავისუფალ დემოკრატებს“ მიგვაჩნია, რომ ვადამდელი არჩევნების აუცილებლობა არ დგას. ვის შეიძლება დღეს აწყობდეს ვადამდელი არჩევნები? პირველ რიგში, ეს შეიძლება აწყობდეს ხელისუფლებას, რადგან ხელისუფლება დაღმა სვლას განიცდის, მათ ვადამდელი არჩევნებით ექნებათ შესაძლებლობა, გაიხანგრძლივონ ხელისუფლებაში ყოფნა. „ნაციონალურ მორაობასაც“ აწყობს, ვინაიდან ეს ორპოლუსიან სისტემას ქმნის და სხვა ძალებს უზღუდავს მომზადების შესაძლებლობას“, – განაცხადა სამუშიამ.
მისივე თქმით, ქვეყანა მანკიერი მაჟორიტარული სისტემისგან ერთხელ და სამუდამოდ უნდა გათავისუფლდეს.
როგორც სამუშიამ აღნიშნა, „თავისუფალ დემოკრატებს“ პროპორციული არჩევნების საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირებისთვის, ორასი ათასი ხელმოწერის შეგროვების ინიციატივა აქვს.
„სრულიად ოპოზიციურ სპექტრს თანხმობა გვაქვს შემდეგზე – ეს არის საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით. მიგვაჩნია, და მთავრობაც ვერ უარყოფს, რომ ეს არის მახინჯი სისტემა, უბრალოდ ცდილობენ ცვლილების გადავადებას და ამ გადავადებით უკანონოდ ხელისუფლებაში ყოფნას.
ჩვენ მოვუწოდებთ სრულიად ოპოზიციურ სპექტრს, რომ გავერთიანდეთ ამ იდეის ირგვლივ, რასაც ჰქვია პროპორციულ სისტემაზე გადასვლა. ჩვენ ვთავაზობთ კონკრეტულ გამოსავალს – ყველამ ერთად, სრულიად ოპოზიციურმა სპექტრმა, დავიწყოთ ხელმოწერების შეგროვება, საჭიროა მინიმუმ 200 000 ხელმოწერა, ხელისუფლებას სამართლებრივი კუთხით იმ მდგომარეობაში ჩავაყენოთ, რომ ისინი იძულებულები შეიქმნენ, განხორციელდეს ცვლილება.
ერთხელ და სამუდამოდ, ქვეყანა მანკიერი მაჟორიტარული სისტემისგან უნდა გათავისუფლდეს. პირველი, ამოსავალი წერტილი, რაც ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვისაა აუცილებელი, ეს პროპორციულ სისტემაზე გადასვლაა. პროპორციული არჩევნები უნდა იყოს ამოსავალი, თუ ამის შემდეგ, კიდევ დადგება ვადამდელი არჩევნების აუცილებლობა, ამაზე შეიძლება მსჯელობა.
ხელმოწერებით ჩვენი მოქალაქეების ხმას მივაწვდით ხელისუფლებას. ეს იქნება ძალიან მწვავე განაცხადი მათთვის, ძალიან დიდ პოლიტიკურ ფასს გადაიხდიან, თუ ამაზე უარს იტყვიან“, – განაცხადა სამუშიამ.
ცნობისთვის, ოპოზიციური პარტიებმა გუშინ კონსულტაციები გამართეს. ისინი მოითხოვენ, რომ მოხდეს საარჩევნო სისტემის ცვლილება და საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით ჩატარდეს, შეიცვალოს საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესი და ამ მოთხოვნების განხორციელების შემდეგ, გაიმართოს რიგგარშე საპარლამენტო არჩევნები.
შეხვედრას გაერთიანებული ოპოზიციის “ძალა ერთობაშიას”, ასევე “ახალი მემარჯვენეების”, “დემოკრატიული მოძრაობის”, „ევროპული საქართველოს“ და სხვა პარტიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე არ ყოფილან „თავისუფალი დემოკრატების” და „შენების მოძრაობის” წარმომადგენლები.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები