კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო პეტროგლიფების საიტის მოწყობისა და ტურისტული განვითარების პროექტზე იწყებს მუშაობას
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო თრიალეთის პეტროგლიფების საიტის (წალკის მუნიციპალიტეტი) მოწყობისა და ტურისტული განვითარების პროექტზე იწყებს მუშაობას.
როგორც „კვირას“ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, ევროსაბჭოს პროექტის, ,,ევროპის კულტურული მარშრუტები“ პრეისტორიული კლდის მხატვრობის ნაშთების (Prehistoric Rock Art Trails) მარშრუტის 2018 წლის საერთაშორისო ფორუმზე, რომელიც საფრანგეთის ქალაქ მონტინიაკში გაიმართა, ეროვნული სააგენტოს სამუშაო ჯგუფმა თრიალეთის პეტროგლიფების საიტის განვითარების კონცეფცია წარადგინა. კონცეფცია ადგილზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის გეგმას გულისხმობს.
2017 წელს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო გაწევრიანდა ევროპის საბჭოს პროექტ ,,ევროპის კულტურული მარშრუტები“ – პრეისტორიული კლდის მხატვრობის ნაშთების (Prehistoric Rock Art Trails) მარშრუტში. აღნიშნულ პროექტში გაწევრიანება ხელს უწყობს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის შესახებ საერთაშორისო დონეზე ცნობადობის ამაღლებას, ასევე, საქართველოში კულტურულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებული ახალი ტურისტული მარშრუტების განვითარებას.
თრიალეთის პეტროგლიფები მდებარეობს ქვემო ქართლში, დაბა წალკასთან. ფსევდოტერასების მეოთხე ლავური ნაკადის ფუძეში წარმოქმნილია მღვიმეები, რომელთა შორის მოქცეულ კლდის გაშიშვლებულ ზედაპირზე, ანდეზიტ-ბაზალტის არათანაბარ გლუვ მონაკვეთებზე, ხავსისა და მღიერების ქვეშ აღმოჩნდა გეომეტრიული, ზოომორფული და ანთროპომორფული გრავირებული გამოსახულებები – პეტროგლიფები. პეტროგლიფები კლდის მასივზე დაჯგუფებულია პატარ-პატარა პანოების სახით. სულ ექვსი ამგვარი პანო გამოიყოფა. კლდის ზედაპირზე პანოები დაახლოებით 50 მ. სიგრძეზეა გადაჭიმული. ცალკეული ფიგურები პანოებს შორის არსებულ მონაკვეთებზეც არის ამოკაწრული. პანოებზე ძირითადად ადგილობრივი ფაუნის წარმომადგენლებია გამოსახული. კეთილშობილი ირემი, შველი, ცხენი. მათთან ერთად გვხვდება მღვიმური ლომი, აქლემები, „ფანტასტიკური“ და ჰიბრიდული ცხოველები, გველები, ფრინველები, თევზები და სხვა. გეომეტრიულ სახეთაგან კი კვადრატული ბადეების, ჯვრებისა და გასხივოსნებუ ლი მზის გამოსახულებებია ასახული. პეტროგლიფებზე წარმოდგენილი ფაუნა აღნიშნულ რეგიონში ზედა პლეისტოცენიდან შუა ჰოლოცენამდე იყო გაბატონებული და ჩანს, პატარა ხრამის ადამიანის ძირითად სანადირო ობიექტს წარმოადგენდა.