ფრანც კაფკა, ჰალდორ ლაქსნესი, კრისტა ვოლფი – ერთ წელიწადში რუსუდან ღვინეფაძის სამი საუკეთესო თარგმანი გამოიცა

რუსუდან ღვინეფაძე როგორც მთარგმნელი, თავდაპირველად თომას მანისა და რიჰარდ ვაგნერის წერილებითა და ესეებით გავიცნით. ეს ტექსტები მანამდე ქართულად არ მოგვეპოვებოდა და ამან გარკვეულწილად შეავსო ჩვენი წარმოდგენა ორი გენიალური გერმანელის შესახებ. ასეთი ავტორების თარგმნა უდიდეს პასუხისმგებლობას გულისხმობს, რადგან ენის უზადო ფლობის გარდა ეს მოითხოვს უზარმაზარ ცოდნასა და საფუძვლიან მომზადებას, ამასთან, დახვეწილ და ნატიფ გემოვნებას.
რუსუდან ღვინეფაძემ ორივე შემთხვევაში დაგვარწმუნა, რომ იგი მოწოდებით მთარგმნელია, რომელსაც ძალუძს, ნებისმიერი სირთულის ავტორსა თუ წიგნს შეეჭიდოს და გამარჯვებული გამოვიდეს ამ შერკინებიდან.

ამაში მალე დაგვარწმუნა ქართულად გამოცემულმა არტურ ზუტნერის „აჭარლებმა“ და მეოცე საუკუნის გამოჩენილი გერმანელი პოეტის, მარი ლუიზე კაშნიცის „ლექსებმა“. სულ ახლახან კი „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“ მიერ ზედიზედ დაბეჭდილმა ფრანც კაფკას, ჰალდორ ლაქსნესისა და კრისტა ვოლფის რომანებმა ცხადად დაგვანახვა, თუ რა მაღალ ნიშნულს მისწვდა მთარგმნელის პროფესიული თავგანწირვა. სხვას ვერაფერს დავარქმევთ ერთ წელიწადში სამი პირველხარისხოვანი ავტორის ქართულად გადმოენებას.
ფრანც კაფკა მსოფლიო ლიტერატურის იმდენად მნიშვნელოვანი სახელია, რომლის უკლებლივ ყველა ნაწარმოები აუცილებლად უნდა გააჩნდეს ნებისმიერ კულტურულ ერს, აქამდე ჩვენ არ გვქონდა მისი პირველი დაუმთავრებელი რომანის (1911–1914) „ამერიკის“ თარგმანი. ამიერიდან შეგვიძლია მშობლიურ ენაზე გავეცნოთ მართლაც ბრწყინვალე ტექსტს, რომელიც მაქსიმალურადაა დაახლოებული ორიგინალის ღირსებებთან.
მოგეხსენებათ, ზოგადად გერმანელ ენას და მათ შორის კაფკასაც ახასიათებს გრძელი წინადადებები, რაც ნაკლებად ეგუება ქართული ენის ბუნებას. რუსუდან ღვინეფაძე იმგვარად აძლევს სასუნთქს და ისე აწესრიგებს ამ უზარმაზარ ფრაზებს ქართულ ყაიდაზე, რომ მკითხველისთვის მტანჯველად აღარ აღიქმება. რუსუდან ღვინეფაძე ქართულად ქმნის დედნის რიტმულ შესატყვისს, რომელიც გერმანული ენის სინტაქსური წყობის კალკირებას კი არ ახდენს, არამედ ქართული სინტაქსური საშუალებებით არის გამართული.
ჰალდორ ლაქსნესი ყველაზე ცნობილი ისლანდიელი მწერალია, რომლის შრომაც ლიტერატურაში 1955 წელს ნობელის პრემიით აღნიშნეს. ისლანდიურიდან მთარგმნელი არ გვყავს ქართველებს, ამიტომ როცა გამომცემლობამ ამ ავტორის რომანის „ბრეკუკოტის მატიანის“ („Brekkukotsannall“) თარგმნა მოინდომა, მათ საფუძვლად გერმანული თარგმანი გამოიყენეს, რომელიც ჰუბერტ ზელოვის მიერ 2011 წელსაა შესრულებული და საუკეთესოდ ითვლება. გერმანულ თარგმანში მას „Fishkonzert“ ჰქვია და ქართულ ვარიანტშიც ამ სახელით „თევზის კონცერტი“ გადმოვიდა.
ჩვენი ლიტერატურული სივრცისთის ნამდვილი შენაძენია კრისტა ვოლფის „კასანდრას“ თარგმანი, რომელიც ცხადად გვარწმუნებს, თუ რა აზრობრივი და მხატვრული სიმაღლეების დაპყრობა ხელეწიფება უხვი წარმოსახვის ნიჭით დაჯილდოებულ თანამედროვე ავტორს.
დარწუნებით შეიძლება ითქვას, რომ რუსუდან ღვინეფაძის მიერ გერმანულიდან შესრულებული ეს რომანები ჭეშმარიტად შემოქმედებითი, მხატვრული თარგმანებია, სადაც ზედმიწევნით არის შენარჩუნებული დედნისთვის დამახასიათებელი რიტმის, ინტონაციის, სინტაქსური კონსტრუქციებისა და მეტყველების სახეთა შესატყვისი თავისებურება.
მახსოვს, ვახუშტი კოტეტიშვილი ამგვარ რამეს ამბობდა თავის ერთ ტელეგამოსვლაში: „მთარგმნელის შრომა უმადური შრომაა. თუ კარგი გამოვიდა, ავტორს უკრავენ ტაშს, თუ ცუდი, მთარგმნელს ლანძღავენო“.
რუსუდან ღვინეფაძის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მან კაფკას, ლაქსნესისა და ვოლფის თარგმანით იმგვარ გამარჯვებას მიაღწია, როცა ავტორთან ერთად მის შრომასაც არ დაივიწყებენ და აღფრთოვანებას ვერ დამალავენ.
ჩვენ გერმანული ლიტერატურის ქართულად თარგმანის საკმაოდ ძლიერი სკოლა გაგვაჩნია და ძალზე სასიამოვნოა, რომ კულტურათა დიალოგის ეს ყველაზე აქტიური სახეობა დღესაც ასე სისხლსავსედ და ნაყოფიერად ვითარდება. რუსუდან ღვინეფაძე კი ნამდვილად გახლავთ ამ დიდებული მთარგმნელობითი სკოლის ღირსეული გამგრძელებელი.
რუსუდან ღვინეფაძე ამჟამად გამოჩენილი ავსტრიელი მწერლის, ჰერმან ბროხის (1886–1951) რომანის „ვერგილიუსის სიკვდილის“ (Hermann Broch, „Der Tod des Vergil“) თარგმანზე მუშაობს, რომელიც გაისად უნდა გამოიცეს.

გიორგი ლალიაშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები