„100 ამბავი დამოუკიდებლობაზე“ – ვაკის პარკის მედიათეკა ღონისძიებას უმასპინძლებს
6 და 7 დეკემბერს, 17:00 საათზე, ვაკის პარკის მედიათეკაში, გაიმართება ღონისძიება „100 ამბავი დამოუკიდებლობაზე“. როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა ანცობეს, სპიკერები ისაუბრებენ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პოლიტიკის, ეკონომიკის, განათლების, აგრარული რეფორმის, კანონშემოქმედებითობის, კულტურის და სხვა საინტერესო საკითხებზე.
„დღეს, როდესაც ერთი საუკუნის იუბილე უსრულდება საქართველოს პირველ დემოკრატიულ რესპუბლიკას, მნიშვნელოვანია ისეთი მაშტაბური პროექტის განხორციელება, რომელიც ხელს შეუწყობს, პირველ რიგში, ქართულ საზოგადოებაში ამ უდიდესი მოვლენის შესახებ ცოდნისა და ცნობიერების ამაღლებას, ხოლო, მეორე მხრივ, ხელს შეუწყობს ქართულ საზოგადოებაში დემოკრატიზაციის პროცესს, ევროპული ღირებულებების კიდევ ერთხელ კულტივირებას, პოლიტიკური კულტურისა და სამოქალაქო პასუხისმგებლობის ამაღლებას“, – აცხადებენ ორგანიზატორები.
სპიკერები: ესმა გუმბერიძე, ირაკლი ირემაძე, გიორგი მაისურაძე, ლელა გაფრინდაშვილი, გიორგი კეკელიძე, ანა მარგველაშვილი, ანტონ ვაჭარაძე, თინათინ ბოლქვაძე, ზურაბ გაიპარაშვილი, ნინო ჟვანია, ირაკლი ხვადაგიანი, ნიკოლოზ წულუკიძე, ირინა კოშორიძე, ლევან ლორთქიფანიძე, ვახუშტი მენაბდე, სალომე ჭანტურიძე.
2018 წელს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილე აღინიშნება. ამ ეპოქისადმი ინტერესი სულ რამდენიმე წელია დაიწყო.
საბჭოთა პროპაგანდისტული რეჟიმი წლების განმავლობაში ცდილობდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921 წწ.) არსებობის მიჩქმალვასა და მასთან დაკავშირებული ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯებას. სამოცდაათწლიანმა რეპრესიულმა რეჟიმმა განსაკუთრებული წნეხის ქვეშ მოაქცია საქართველოს უახლესი ისტორის შესახებ ცნობები, მოქალაქეთა პოლიტიკური კულტურა და სამოქალაქო ცნობიერება. საუკუნის დასაწყისში წარმოშობილი ევროპული პოლიტიკური ღირებულებები, ევროპული იდეოლოგიური მიმართულებები – განსაკუთრებით ევროპული ტიპის პოლიტიკური ინსტიტუტების ჩამოყალიბებისადმი სწრაფვა. საბჭოთა წითელმა ოკუპაციამ მოსპო დემოკრატიული რესპუბლიკა, მასთან დაკავშირებული თუ აფელირებული პიროვნებები და საკითხები მკაცრ რეპრესიებს მისცა. პოსტსაბჭოთა ეპოქაში უახლესი ისტორიის ეს პერიოდი და მასთან დაკავშირებული საკითხები ნაციონალისტური რიტორიკის შედეგად დისკრედიტირებული და კვლავ დაკონსერვებული იქნა.
თანამედროვე საქართველოსთვის, რომელიც კვლავ ცდილობს, პოსტსაბჭოთა სივრცეში შექმნას პრეცედენტი ევროპული ტიპის დემოკრატიის, ევროპული ტიპის ინსტიტუტების ფორმირების, დემოკრატიული კონსტიტუციისა, ძალზე მნიშვნელოვანია, მისმა მოქალაქეებმა, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებმა, ეს მისწრაფებები მიიღონ არა როგორც რაიმე უცხო მოვლენად, არამედ მისთვის სრულად თავსებად, აწ უკვე ნაცად და ქართული საზოგადოებიდან, მისი პოლიტიკური კულტურიდან ამოზრდილ ნაყოფად.