გიორგი კვირიკაშვილი კარლ დე გუხტს შეხვდა

    საქართველოს ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი კვირიკაშვილისა და ვაჭრობის საკითხებში ევროკომისარის კარლ დე გუხტის შეხვედრა ბრიუსელში გაიმართა. უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხების განუყოფელი ნაწილის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ ხელშეკრულების ბოლო დეტალები განიხილეს, რომელსაც საქართველო ხელს 27 ივნისს მოაწერს. გიორგი კვირიკაშვილმა კარლ დე გუხტს თანამშრომლობისთვის და ევროკავშირის მხრიდან გაწეული ფინანსური დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა, რომელსაც ევროკავშირი 2014-2018 წლებში საბიუჯეტო და ტექნიკური დახმარების ფარლებში მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარებისთვის გამოყოფს.
გიორგი კვირიკაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული დახმარება იქნება შესაბამისი და ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დანერგვაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს. ვიცე-პრემიერმა ევროკომისარს საქართველოს მთავრობის ეკონომიკური განვითარების სტრატეგია გააცნო. მინისტრმა დეტალურად ისაუბრა ეკონომიკური სტრატეგიის იმ ნაწილზე, რომელიც თანხვედრაშია ასოცირების ხელშეკრულებით აღებულ ვალდებულებებთან. საუბარი, ასევე, შეეხო საქართველოში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, საპენსიო რეფორმას, სურსათის უვნებლობის საკითხს, კონკურენციის კუთხით განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებს, კაპიტალის ბაზრის განვითარებას, ინოვაციებს და იმ რეფორმებს, რომელიც საქართველომ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის მიმართულებით ბოლო ერთი წლის განმავლობაში განახორციელა. ამ დროისთვის საქართველოს მთავრობა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების ფარგლებში 2014-2018 წლების სამოქმედო გეგმაზე მუშაობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები