„ზურაბიშვილი რუსეთთან ურთიერთობაში დასავლეთის მოშველიებას აპირებს“ – აბაშიძე BBC-სა და Reuters-ზე ზურაბიშვილის ინტერვიუებს აფასებს

ძალიან მომეწონა ის, რომ სალომე ზურაბიშვილი აპირებს რუსეთთან ურთიერთობაში დასავლეთის მოშველიებას, ზურგის გამაგრებას დასავლელი პარტნიორებით, იმიტომ, რომ მარტო არ დავრჩეთ ეს პატარა ქვეყანა დიდ რუსულ იმპერიასთან, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა გია აბაშიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
გია აბაშიძე არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის იმ ინტერვიუებს გამოეხმაურა, რომელიც მან BBC-სა და Reuters-ს მისცა.
„BBC-სთან, Reuters-სა და საფრანგეთის არხებთან მიცემული იყო საკმაოდ კარგი და მკაფიო გზავნილები, რომ საქართველო გააგრძელებს სვლას ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.
ვისურვებდი, რომ ასეთი განცხადებები ყოფილიყო ცოტა ადრე, წინასაარჩევნო პერიოდში, მაშინ არ გაჩნდებოდა კითხვის ნიშნები. ახლა ყველა კითხვის ნიშანი მოიხსნა. თუმცა მის ოპონენტებს დღემდე აქვთ ეჭვები. ამას ავრცელებენ, აბუქებენ და „ფეიკნიუსების“ სტილში, ისევ აგრძელებენ მის საჯარო ბულინგს.
კარგი აქცენტები იყო არამხოლოდ ევროატლანტიკურ ინტეგრაციასა და რუსეთთან ურთიერთობაზე, არამედ, კარგი აქცენტები იყო ისიც, რომ თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა ისრაელთან კიდევ უფრო უნდა გაღრმავდეს. სიტყვა და საქმე თანმდევია და გამოჩნდება ეს. დიდი იმედი მაქვს, რომ რასაც ამბობს, იმას გააკეთებს“, – განაცხადა აბაშიძემ.
ცნობისთვის, სააგენტო Reuters-სთან ინტერვიუში საქართველოს არჩეული პრეზიდენტი ამბობს, რომ რუსეთთან მოლაპარაკებებს არავითარი აზრი არ აქვს, ვიდრე მოსკოვი არ აღიარებს, რომ საქართველოს სეპარატისტული რეგიონის ოკუპაციას ახორციელებს.
„რუსეთი საოკუპაციო ძალაა და უდიდესი შეშფოთების საგანია, რომ ის არაპროგნოზირებადია. როდესაც გყავს მტერი, რომელიც ცნობილი და პროგნოზირებადია, იცი, რა იქნება შენი მომდევნო ნაბიჯები. ამ შემთხვევაში, გულწრფელად გითხრათ, არ ვიცი, რა უნდა იყოს საქართველოს შემდგომი ნაბიჯები რუსეთთან ურთიერთობებში. ის მეტად არაპროგნოზირებადია და ჩვენ ტერიტორიაზე ზედმეტადაა წარმოდგენილი“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა Reuters-თან ინტერვიუში.
რუსეთთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილმა BBC-სთანაც ისაუბრა.
„ვიდრე რუსეთი ისე იქცევა, როგორც ახლა. იმის გათვალისწინებით, თუ რა ხდება საოკუპაციო ხაზთან, სადაც იტაცებენ ხალხს და ეს ხაზი ჩვენი ტერიტორიის სიღრმისკენ მოიწევს, სულ უფრო ახლოს თბილისთან; იმის გათვალისწინებით, თუ როგორ იქცევა რუსეთი უკრაინასთან მიმართებით, არ მგონია, რომ ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ჩვენ ახლა შეგვიძლია თანამშრომლობაზე გადასვლა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა BBC-სთან ინტერვიუში.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები