დემურ გიორხელიძე: ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებით სიტუაცია განიტვირთება, ერთპარტიული ხელისუფლება აღარ იქნება

ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები სჭირდება ქვეყანას, იმიტომ, რომ სიტუაცია განიმუხტება, ერთპარტიული ხელისუფლება აღარ იქნება, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა დემურ გიიორხელიძემ მედიაჰოლდინგ “კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც დემურ გიორხელიძემ აღნიშნა, „არ შეიძლება ერთპარტიული, ერთპიროვნული მმართველობა ყველგან და ყველაფერში“. მისი თქმით, ეს ქვეყანაში სერიოზულ კრიზისს გამოიწვევს.
“მე კიდევ ვამბობ, როდესაც ორი წლის წინ პირველად ვთქვი, რომ აუცილებელია ვადამდელი არჩევნები, იმის იმედი მქონდა, რომ ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური პარტია რაღაც სერიოზულ პროცენტს კიდევ აიღებდა, სხვებიც აიღებენ და უკვე კარგი შანსი იქნება, კარგი კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებისა და პასუხისმგებვლობების გადანაწილებისა, მაშინ უკვე ვერ იქნება ეს პროტესტები.
შეიძლება დღეს არა, მაგრამ მომავალი წლისთვის სრულიად რეალურად მეჩვენება ეს. ამას ვხედავ არა რომელიმე პარტიის საწინააღმდეგოდ, ან სასარგებლოდ , ამას ვხედავ სიტუაციის განმუხტვის მიზნით. თავისთავად ნორმალური არ არის, რომ 21-ე საუკუნეში ჩვენ გვქონდეს ისეთი მმართველობა , რომელიც დღეს საქართველოშია“- განაცხადა გიორხელიძემ.
ცნობისთვის, გაერთიანებული ოპოზიცია ხელისუფლებას “პოლიტიკური კრიზისიდან გამოსასვლელად სამუშაო ჯგუფის შექმნას სთავაზობს და ვადას 16 დეკემბრამდე აძლევს. ამის შესახებ გრიგოლ ვაშაძემ გუშინ გამართულ აქციაზე განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიცია დღის წესრიგში ტოვებს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნას და ასევე ითხოვს საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლას.
“აქციები არა მხოლოდ არ შეწყდება, არამედ გაფართოვდება, ბევრად უფრო მრავალრიცხოვანი გახდება და 16 დეკემბერს ჩვენ მივიღებთ ერთ გადამწყვეტ დიდ აქციას”- განაცხადა ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები