სოფიო ქაცარავამ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის 2018-2020 წლების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა წარადგინა
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა თავისი საქმიანობის სამომავლო პრიორიტეტები გამოაქვეყნა. კომიტეტის 2018-2020 წლების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის საჯარო წარდგენას საქართველოს პარლამენტის, აღმასრულებელი ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„მინდა გამოვხატო კმაყოფილება და გარკვეულწილად სიამაყეც, იმის გამო, რომ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა პირველად შეიმუშავა კომიტეტის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომელიც დეტალურად განსაზღვრავს მომდევნო 2 წლის განმავლობაში განსახორციელებელ ღონისძიებებს. ვფიქრობ, ამ დოკუმენტის დახმარებით, საკანონმდებლო ორგანოს ის უმნიშვნელოვანესი ბერკეტი, რაც პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციების გაძლიერებაა, გარკვეულ ჩარჩოებში მოექცევა და სისტემა მეტად დაიხვეწება. ჩვენი სურვილია კომიტეტის მუშაობა გავხადოთ კიდევ უფრო სისტემური, თანმიმდევრული და ინსტიტუციონალიზებული”, – განაცხადა მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო ქაცარავამ.
მისი თქმით, სამოქმედოგეგმის ქონა პირველი ნაბიჯია იმისაკენ, რომ საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები და სტრატეგია ეფემერულ ჩანაფიქრებად არ დარჩეს და ამის ნაცვლად განხორციელებადი და პრაქტიკული შედეგების მომტანი იყოს. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, სტრატეგიაში მოცემული მიზნებისა და ამოცანების უმეტესობა უკვე განსაზღვრულია „საგარეო პოლიტიკის შესახებ” პარლამენტის 2016 წლისრეზოლუციით, რომლითაც საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითადი პრიორიტეტები განისაზღვრა.
„უსაფრთოხებისა და სტაბილურობის მნიშვნელობა ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, დღეს კიდევ უფრო მეტად ყურადსაღებია, რასაც კომიტეტის სტრატეგიაში ერთ-ერთი მთავარი ნაწილი უჭირავს. სტრატეგიაში გადმოცემულია ის საშუალებები და გზები, რომელთა დახმარებითაც პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი სხვა ქვეყნების საკანონმდებლო ორგანოებთან, ორმხრივ დამრავალმხრივ ფორმატში, უზრუნველყოფს დასახული მიზნების და ამოცანების შესრულებას. ამას ემსახურება სტრატეგიაც და სამოქმედო გეგმაც. ეს უკანასკნელი დეტალებში და კონკრეტულ განსაზღვრავს იმ ნაბიჯებს, რომელსაც მომდევნო ორი წლის მანძილზე კომიტეტი გადადგამს. მნიშვნელოვანია აღვნიშნო, ის რომ სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ნაბიჯები 2018 წლის იანვარ-ნოემბრის პერიოდში უკვე შესრულებულია. ქვეყნის წარმატებულ საგარეო პოლიტიკას განაპირობებს ქვეყნის შიგნით წარმატება, ამიტომაც არის საქართველო პროგრესული ქვეყანა და მჯერა, რომ მომავალში ეს კიდევ უფრო განმტკიცდება”, – განაცხადა სოფიო ქაცარავამ.