თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალს იტალიიდან „ბედნიერი ლაზარეს“ მთავარი როლის შემსრულებელი ლუკა ჩიქოვანი ესტუმრება
წელს, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ფოკუსქვეყანა იტალიაა. ამ სექციაში მაყურებელი სულ რვა ფილმს იხილავს, მათ შორის არის ალიჩე რორვახერის სურათი – „ბედნიერი ლაზარე“.
ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, ერთ-ერთ მთავარი როლის შემსრულებელი მსახიობი ლუკა ჩიქოვანი თბილისის კინოფესტივალზე ჩამოვა.
„ბედნიერი ლაზარე” („Happy As Lazzaro“, იტალია, შვეიცარია, საფრანგეთი, გერმანია, 2018)
ფილმი მოგვითხრობს ახალგაზრდა გლეხის, ლაზარეს (რომელიც იმდენად კეთილია, რომ ხშირად სულელიც ჰგონიათ) და ახალგაზრდა დიდებულის, ტანკრედის (რომელიც, მისდა საუბედუროდ, წარმოსახვის უნარითაა დაჯილდოებული) შეხვედრაზე. მათ განცალკევებულ პასტორალურ სოფელ ინვიოლატაში ყველაფერს სიგარეტების სასტიკი დედოფალი, მარკიზა ალფონსინა დე ლუნა განაგებს. ტანკრედსა და ლაზარეს შორის მეგობრობა მაშინ ღვივდება, როდესაც ტანკრედი ლაზარეს საკუთარ გატაცებაში დახმარებას თხოვს. ეს უჩვეულო და დაუჯერებელი ალიანსი ლაზარესთვის გამოცხადებასავითაა. მათი მეგობრობა იმდენად ძვირფასია, რომ ის ლაზარეს ტანკრედის საძებნელად დროშიც ამოგზაურებს.
ალიჩე რორვახერი სწავლობდა ტურინსა და ლისაბონში. პირველი დოკუმენტური ფილმი „პატარა სპექტაკლი” 2003 წელს გადაიღო. პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმის, „ციური სხეულის” პრემიერა შედგა კანში, 2011 წელს. რეჟისორის მეორე სრულმეტრაჟიანმა ნამუშევარმა „საოცრებები” 2014 წელს, კანის კინოფესტივალზე ჟიურის გრან-პრი მოიპოვა.
ლუკა ჩიქოვანი ამჟამად იტალიაში ცხოვრობს. იგი YouTube-ზე გამოქვეყნებული სიმღერის ქავერით გახდა პოპულარული. 2016 წელს მისი პირველი ალბომიც გამოვიდა.
თბილისის საერთაშიროსო კინოფესტივალი 3 დეკემბერს გაიხსნება.