თამაზ ელიზბარაშვილი: არც ერთი ჩემი შვილის დედას არ ჰქონია არანაირი შეხება კომპანია „ელიზთან“ (ვიდეო)

ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, ელიზბარაშვილი დაბარებული იყო “კრედიტის ან რაიმე თანხის აღების ან გადახდის მიზნით”. ბიზნესმენის თქმით, ის მსგავს ინფორმაციას საერთოდ არ ფლობს. თამაზ ელიზბარაშვილის განცხადებას, რომელიც მან სოციალურ ქსელში გაავრცელა, უცვლელად გთავაზობთ:
“ამ ბოლო დღეებში ბევრი ჟურნალისტი მირეკავს და მინდა, ყველას ერთად ვუპასუხო. მინდა, მცირე კომენტარი გავაკეთო იმ სრულიად გამაოგნებელ ინფორმაციაზე, რომელიც ჩემთან და ჩემს ცოლთან დაკავშირებით ვრცელდება. არ ვიცი, ვის მოუვიდა თავში აზრად, რომ ამ ისტორიის შესათხზველად ჩემი სახელი გამოეყენებინა. კარგი იქნებოდა, რომ ჯერ ინფორმაცია გადაემოწმებინათ და მერე გამოეგონებინათ ეს ამბავი.
პირველ რიგში, მინდა განვაცხადო: არავის არსად დავუბარებივარ კრედიტის ან რაიმე თანხის აღების ან გადახდის მიზნით და საერთოდ, არ ვფლობ მსგავს ინფორმაციას. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ კომპანია „ელიზთან“ უკვე 8 წელია საერთოდ არანაირი შეხება არ მაქვს. მე მქონდა ამ კომპანიასთან შეხება, როგორც გითხარით, 8 წლის წინ და სწორედ მაშინ, კომპანიაში ჩემი წილი დავუთმე ჩემს შვილს და მე “ელიზთან” ყოველგვარი ურთიერთობა გავწყვიტე. გავიდა 8 წელი – ვიმეორებ. სხვათა შორის, აქვე იმასაც გეტყვით, რომ “კენტი” ჩემს დროსაც სხვა კომპანიას შემოჰქონდა და არა „ელიზს“ – ეგ ინფორმაციაც კი არ იყო დაზუსტებული „რუსთავი 2“-ის სიუჟეტში.
რაც შეეხება ჩემს ვითომ ყოფილ ცოლს, ყველამ იცით, რომ მყავს 10 შვილი რამდენიმე ქალბატონისგან. პირადზე არ ვისაუბროთ, მაგრამ ერთი შემიძლია სრულიად დარწმუნებით გითხრათ – არც ერთი ჩემი შვილის დედას არ ჰქონია არანაირი შეხება კომპანია „ელიზთან“. ამიტომ ამ ინფორმაციის გამავრცელებლებისგან – რადგან ისინი ე.წ. წყაროს ასაჯაროებენ, ოღონდ რატომღაც არ ამბობენ მის სახელს და გვარს, არამედ ამბობენ – ელიზბარაშვილის ყოფილი ცოლიო – კატეგორიულად ვითხოვ, დაასახელონ, ვის გულისხმობენ, ხოლო თუკი ასეთი ადამიანი ბუნებაში მართლაც არსებობს, მისგან ვითხოვ, რომ წარმოადგინოს ნებისმიერი მტკიცებულება, რომ რაიმე შეხება აქვს ან ჰქონია კომპანია „ელიზთან“.
აქვე ვაცხადებ, რომ არასდროს დამირეკავს „რუსთავი 2“-ში იმ მიზნით, რომ ვითომდა ბიზნესის რეკეტზე მესაუბრა. ვიმეორებ, მე არ მაქვს შეხება „ელიზის” საქმიანობასთან. კატეგორიულად ვითხოვ, ნუ გაავრცელებენ გადაუმოწმებელ ინფორმაციას და თავი დაანებონ ჩემი სახელის გამოყენებას ამ ბინძური ისტორიის შესათხზველად”, – წერს ბიზნესმენი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები