„ჩვენ მზად ვართ, გავხდეთ ევროპელი მეზობლები, და არა მხოლოდ ევროპის მეზობლები“

ჩვენ მზად ვართ, გავხდეთ ევროპელი მეზობლები, და არა მხოლოდ ევროპის მეზობლები – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბელგიაში, ჰარვარდის კლუბში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველოს წარმატებული ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია სარგებელს მოუტანს არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანას, არამედ მთელს რეგიონში უზრუნველყოფს სტაბილურობასა და უსაფრთხოებას.
„უკანასკნელი ოცი წლის განმავლობაში საქართველო საგრძნობლად მომწიფდა და ჩამოყალიბდა, როგორც ახალგაზრდა და უაღრესად აქტიური დემოკრატია. ჩვენი ქვეყანა იქცა სტაბილურობისა და კეთილდღეობის ნამდვილ ლიდერად აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში. ჩვენ ვაფასებთ ევროკავშირისა და აშშ-ის უპირობო მხარდაჭერას ყოვლისმომცველი რეფორმების გატარების პროცესში, რომელთა მიზანიცაა ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიული ღირებულებებისა და ეკონომიკური თავისუფლების განმტკიცება. ჩვენი ურყევი გადაწყვეტილება ევროპულ და ევროატლანტიკურ ინსტიტუტებთან დაახლოებასთან დაკავშირებით განუყოფელია დემოკრატიული ტრანსფორმაციის გაგრძელებასთან დაკავშირებული მისწრაფებებისაგან. ევროატლანტიკური და ევროპული ინტეგრაციის გააქტიურება არის ევროპული ქვეყნების ოჯახში ჩვენი დაბრუნების გზა, რომლებთანაც ჩვენ გვაქვს საზიარო ისტორია, კულტურა და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ღირებულებები.
ჩვენ მზად ვართ, გავხდეთ ევროპელი მეზობლები, და არა მხოლოდ ევროპის მეზობლები. ჩვენ წამოვიწყეთ და განვახორციელეთ საკვანძო პოლიტიკური, საკონსტიტუციო, ეკონომიკური და სასამართლო რეფორმები, რომელთა მიზანიცაა დემოკრატიისა კანონის უზენაესობის განმტკიცება, მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, საზოგადოებრივი კეთილდღეობის ხელშეწყობა, ასევე ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვა. ჩვენი ურყევი გადაწყვეტილება დასავლეთში ინტეგრაციასთან დაკავშირებით სცდება ჩვენი ადგილობრივი დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმების ფარგლებს. ჩვენ ასევე გვაქვს გადაწყვეტილი უსაფრთხოების სფეროს საკვანძო საკითხებში აქტიური თანამშრომლობა საერთაშორისო თანამეგობრობასთან.
საქართველოს წარმატებული ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია სარგებელს მოუტანს არა მხოლოდ ჩემს ქვეყანას, არამედ მთელს რეგიონში უზრუნველყოფს სტაბილურობასა და უსაფრთხოებას. უფრო მეტიც, საქართველოს, როგორც სტრატეგიულად ხელსაყრელი ადგილმდებარეობის მქონე სატრანსპორტო და ენერგეტიკული ცენტრის, ინტეგრაცია ევროატლანტიკურ სივრცეში გრძელვადიან პოლიტიკურ და ეკონომიკურ უპირატესობას მოუტანს ჩვენს ყველა პარტნიორს“,- განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები