“იმედი” ზაზა ოქუაშვილს სასამართლოში უჩივის

ტელეკომპანია “იმედი” ზაზა ოქუაშვილს ცილისწამებასა და ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს და სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებს.
“ომეგა ჯგუფის” დამფუძნებელს, ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილს სასამართლოში მოუწევს იმის დამტკიცება, რაც მან გუშინ “რუსთავი 2-ის” ეთერში განაცხადა, თითქოსდა მას “ომეგა ჯგუფის” პრობლემების სანაცვლოდ სუს-ის მიერ წინასწარ დაწერილი ტექსტი “იმედის” ეთერში უნდა წაეკითხა. “ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად, გაკეთებული განცხადება არის უტიფარი ტყუილი, წარბშეუხრელად გაკეთებული. ეს არის ცილისწამება პირდაპირ, რომ ვთქვათ, რასაც ტელეკომპანია “იმედი”, ბუნებრივია, უპასუხოდ არ დატოვებს და ბატონ ოქუაშვილს მოუწევს პასუხის გაცემა სასამართლოზე”, – განაცხადა “იმედის” იურისტმა ანდრო ლაშხმა.
ზაზა ოქუაშვილმა “რუსთავი 2”-ის ეთერში საუბრისას განაცხადა, რომ მას “ომეგას” პრობლემების მოგვარების სანაცვლოდ სუს-ის მიერ გამზადებული ტექსტი “იმედის” ეთერში უნდა წაეკითხა. ოქუაშვილის თქმით, ტექსტის წაკითხვა პირადად ბიძინა ივანიშვილმა სთხოვა და მასში ეწერა, რომ “ომეგა ჯგუფის” საქმეზე გამოქვეყნებული კომპრომატები დადგმული იყო და შემკვეთები ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია იყვნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები