ნათია გედენიძე: ჩვენს ცხოვრებაში ახალი ფურცელი დაიწერა, ეს ფურცელი ადასტურებს, რომ არასდროს ვიყავით ჯაშუშები

გუშინდლიდან ჩვენს ცხოვრებაში ახალი ფურცელი დაიწერა. ეს ფურცელი ადასტურებს იმას, რომ ჩვენ არასდროს ვიყავით ჯაშუშები, – ამის შესახებ ფოტოგრაფმა ნათია გედენიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ნათია გედენიძემ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ ისაუბრა და „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას გუშინდელ განცხადებასაც უპასუხა.
„რაც შეეხება ბატონ გიგის – ბატონი გიგის მმართველობის პერიოდმა ჩვენ გვაქცია მსხვერპლებად. მე, პირადად, 2 შვილი დამატოვებინა 48 საათით. 48 საათი არ ვიცი, ვისთვის როგორ, მაგრამ, არის საოცრად დიდი დრო, როცა ხარ დედა, არ იცი შვილების მომავალი, არ იცი, რა გელის. მხოლოდ იმას გაგებინებენ, რომ აღარც დედა, აღარც ქალი შენში აღარ გაცოცხლდება და არავის დაჭირდები, სულ ერთია, სად იქნები.
მე ვფიქრობ, რომ ბოდიშის მოხდა უჭირთ. ჩვენ ვაძლევთ მათ დროს და საშუალებას, რომ ეს ბოდიში გუშინ თუ ვერ, დღეს, ხვალ, ზეგ, ან ოდესმე მოიხადონ. დღეს გიორგობა დღეა, ხატთან მოიხადონ ბოდიში, ჩაიხედონთ თავიანთ სულში.
გუშინდლიდან ჩვენს ცხოვრებაში ახალი ფურცელი დაიწერა. ეს ფურცელი ადასტურებს იმას, რომ ჩვენ არასდროს ვიყავით ჯაშუშები.
ჩვენ ვიბრძოდით, ვაკეთებდით ჩვენს საქმეს და საბედნიეროდ, დღეს ისევ ვაკეთებთ იგივე საქმეს, ვქმნით ისტორიას და ამით არაფერს ვაფუჭებთ“, – განაცხადა გედენიძემ.
მისივე თქმით, ფოტორეპორტიორების სურვილია, საქმეს გრიფი მოეხსნას.
„ამით ჩვენ ძალიან დაინტერესებულები ვართ. სანამ გამიშვებდნენ მოდულის შენობიდან, უამრავ თეთრ ფურცელზე მაქვს ხელი მოწერილი და ძალიან მაინტერესებს იმ თეთრ ფურცლებზე შემდეგ რა დაიბეჭდა“, – განაცხადა გედენიძემ.
ცნობისთვის, გუშინ გიგი უგულავა ფოტოგრაფების საქმეს „პალიტრანიუსის“ ეთერში გამოეხმაურა.
„ფოტოგრაფების საქმეს, იმთავითვე ასდიოდა ცუდი სუნი და შეცდომაც იყო. არ გამოვრიცხავ, რომ ამ შეცდომის შემდეგ, ცალკეულმა პირებმა ივაჟკაცეს იმისთვის, რომ მერე ეს საქმე ხელმძღვანელობისთვის ასე წარედგინათ და არა ისე. ეს ბიუროკრატიის ჩვეულებრივი ინსტინქტია. ამ ადამიანებმა ძალიან კარგად იციან, რომ გიგა ბოკერია იყო ის, ვინც ყველაზე მეტი იჩხუბა ამ თემაზე, როცა ხელისუფლებაში ვიყავით. ეს ადამიანები არიან თუ არა ჯაშუშები, მე დღემდე არ ვიცი, რადგან მე ამ სასამართლოს და პროკურატურას არ ვენდობი. ისევე, როგორც ძალიან ბევრი საქმე მხოლოდ პროპაგანდისტულად არის გამოყენებული და როცა ბატონი გედენიძე და აბდალაძე გამოდიან და ბოკერიაზე საუბრობენ, ამ ორმა ადამიანმა ძალიან კარგად იცის, რომ ბოკერია იყო ადამიანი, რომელმაც ისტერიკა მოაწყო, რომ ეს იყო არასწორი, საბუთები რომც არსებობდეს, საკმარისი სამხილები იყოს, რადგანაც არიან ჟურნალისტები, გირაო უნდა იყოს და გამჭვირვალე სასამართლო უნდა იყოს. ამის გამო ვამბობ, რომ ეს ორი ადამიანი სპეკულანტია და დღეს, ხელისუფლების ხელში არის ჩვეულებრივი პროპაგანდისტული იარაღი“, – განაცხადა უგულავამ.
თბილისის სააპელაციო სასამართლომ გუშინ, ე.წ. ფოტორეპორტიორების საქმეზე გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა და წარსულში ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული პირები – გიორგი აბდალაძე, ზურაბ ქურციკიძე, ირაკლი და ნათია გედენიძეები უდანაშაულოდ ცნო.

ფოტოგრაფები 2011 წელს ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, საქმეზე ხელახალი გამოძიება ჩატარდა, დაიკითხნენ მოწმეები და დადასტურდა, რომ 2011 წელს ფოტორეპორტიორები გიორგი აბდალაძე, ზურაბ ქურციკიძე, ირაკლი და ნათია გედენიძეები ჯაშუშობის გამოგონილი ბრალდებით დააკავეს. ამის საფუძველზე, მთავარმა პროკურატურამ სააპელაციო სასამართლოში ფოტოგრაფების მიმართ შვიდი წლის წინ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის შეცვლა მოითხოვა.
სწორედ ახალი გამოძიების საფუძველზე, ფოტოგრაფების დაკავების საქმეში სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე კონტრდაზვერვის ყოფილი უფროსის ყოფილი მოადგილე დავით დევნოზაშვილია მსჯავრდებული. ასევე, დაუსწრებლად შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა გლდანის მე-8 პენიტენციური დაწესებულების ყოფილ დირექტორს ალექსანდრე მუხაძეს.
ამასთან, როგორც პროკურატურაში აცხადებენ, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დროს ფოტორეპორტიორები იმიტომ დააკავეს, რომ მათ 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის ამსახველი ფოტოები გადაიღეს.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები