თბილისი მე-19 საერთაშორისო კინოფესტივალს უმასპინძლებს
თბილისის მე-19 საერთაშორისო კინოფესტივალი 3-9 დეკემბერს გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, ფესტივალის განმავლობაში მაყურებელს საშუალება ექნება, სექციებში: „ქართული პანორამა“, „საერთაშორისო კონკურსი“, „ჰორიზონტები“, „დამზადებულია გერმანიაში“ და სხვა, ნახოს ახალი, გამორჩეული ფილმები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.
წელს, ბალტიისპირეთის ქვეყნების დამოუკიდებლობის 100 წლისთავის აღსანიშნავად, ფესტივალის ერთ-ერთი პროგრამა ამ ქვეყნების კინემატოგრაფს დაეთმობა. პროგრამაში „ბალტიისპირეთი – 100″ ნაჩვენები იქნება უახლესი ლიტვური, ლატვიური და ესტონური ფილმები. პროგრამის განხორციელებაში ფესტივალს სამივე ქვეყნის საელჩოები და კინოცენტრები ეხმარებიან.
წლევანდელი ფესტივალის ფოკუსქვეყანაა იტალია. იტალიის საელჩოსთან თანამშრომლობით, მე-19 კინოფესტივალზე, მაყურებელი ბოლო პერიოდის იტალიური კინოს აღიარებულ ნამუშევრებს იხილავს.
მე-19 საერთაშორისო კინოფესტივალის თემაა “ლიტერატურა და კინო“, რომელშიც საინტერესო ეკრანიზაციები და მწერლებზე გადაღებული ბიოგრაფიულ ფილმები იქნება წარმოდგენილი.
ამას გარდა, შვედეთის საელჩოსა და შვედეთის კინო ინსტიტუტთან თანამშრომლობით გაიმართება პროგრამა „ბერგმანი-100“, სადაც მაყურებელს შვედი რეჟისორის ფილმების ნახვის საშუალება მიეცემა. მათ შორისაა ფილმები: „მარწყვის მდელო“, „პერსონა“, „შემოდგომის სონატა“ და სხვა.
ფესტივალის საპატიო „პრომეთე“ წელს რეჟისორ გიორგი შენგელაიას გადაეცემა და მაყურებელს, მისი ფილმების რეტროსპექტივას შევთავაზებთ.
ფესტივალს ტრადიციისამებრ ეწვევიან სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული კინემატოგრაფისტები. ინდუსტრიული დღეების ფარგლებში გაიმართება საინტერესო შეხვედრები და მასტერკლასები.