ადგილობრივები ონში ენმ-ს წევრის დაჭრას “ნაციონალებისაგან” განსხვავებით, პოლიტიკას არ უკავშირებენ (ვიდეო)
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ქალაქ ონის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ნოდარ ბურდილაძე ამ დრომდე კლინიკა „თერჯოლამედში“ რჩება. მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
მიუხედავად იმისა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები დილიდან შემთხვევის პოლიტიზირებას ცდილობდნენ და პარტიულ დაპირისპირებაზე საუბრობდნენ, არც ერთმა თვითმხილველმა და ადგილობრივმა „კვირასთან“ ფაქტის პოლიტიკასთან კავშირი არ დაადასტურა.
აღასანიშნავია, რომ შემთხვევიდან რამდენიმე საათში ინციდენტს სოციალური ქსელით ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გამოეხმაურა.
“ჩვენი ონის ორგანიზაციის ლიდერი ნოდარ ბურდილაძე, რომელიც დღეს სოფელ ღებში ჩემი სკაიპ ჩართვის დასაორგანიზებლად მიდიოდა, მძიმედ დაჭრეს, რამდენიმეჯერ ჩაარტყეს დანა… ახლა სასწრაფო ოპერაციას უკეთებენ.
ვლოცულობ, რომ კარგად იყოს!“. – წერდა სააკაშვილი.
მსგავსი შინაარსის განცხადებები დღეს გაერთიანებული პოზიციის წევრებმაც გაკეთეს.
პოლიტიკოსებისგან განსხვავებულ ვერსიებზე საუბრობენ თავად ონელები.
“ეს იყო საყოფაცხოვრებო კონფლიქტი. ონის მკვირდი, კახა ისაკაძე მეგობართან ერთად მისული იყო ბურდილაძის სახლთან და მის მეზობელად მცხოვრებ მეგობარს დაბლიდან ხმამაღლა ეძახდა. ბურდილაძემ მათ გამოხედა და უთხრა, გაჩუმებულიყვნენ… მერე ეს გადაიზარდა კონფლიქტში… სამივე ნასვამები იყვნენ და ერთმანეთს უწმაწური სიტყვებით მიმართავდნენ. ჩხუბის დროს ისაკაძემ დანით დაჭრა ბურდილაძე.
ინციდენტი პოლიტიკურ ნიადაგზე არ მომხდარა, გამორიცხულია, ეს იყო დაპირისპირება, რომელიც ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაიწყო და გადაიზარდა ორი ნასვამი მამაკაცის ჩხუბში.
დანამდვილებით შეგვიძლია გითხრათ, რომ კახა ისაკაძეს არანაირი კავშირი არ აქვს პოლიტიკასთან, მით უფრო „ქართულ ოცნებასთან“. ერთადერთი რაც მახსენდება, არის ის, რომ კახა წლების წინ „რესპუბლიკური პარტიის“ წევრი იყო, ახლა კი კერძო საქმიანობას ეწევა და ბავშვებს ამზადებს“, – აცხადებს „კვირასთან“ ადგილობრივი მაცხოვრებელი.
ონის ინციდენტში მონაწილეების „ქართულ ოცნებასთან“ კავშირი ფრაქცია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოშიც” გამორიცხეს.
„მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ კახა ისაკაძეს და არც მის თანმხლებ გია მეტრეველს, არასდროს არ ჰქონიათ შეხება ,,ქართულ ოცნებასთან“. ისინი არ ყოფილან არც პარტიის წევრები და არც მისი აქტივისტები“ , – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
კახა ისაკაძე სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, მომხდარიდან მალევე დააკავეს.
შსს-ში აცხადებენ, რომ გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს. საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 -ე მუხლით“