„ბოდიშს ვუხდი ონკოლოგიურ პაციენტებს „საზმაუს“ სახელით, თუ ვინმემ ამ „ფეიკ ნიუსიდან“ გამომდინარე, თავი ცუდად იგრძნო”

გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, გიორგი ვაშაძემ ონკოლოგიურ პაციენტებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზე განმარტებები გააკეთა.
„ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ დაადგინა, რომ ჩემი სახელით გაავრცელეს ცრუ ინფორმაცია ონკოპაციენტების მკურნალობასთან დაკავშირებით. ჩვენი პროგრამა შედგება სამი კომპონენტისგან, ესაა: ზრდა, დაფინანსების და ახალი ტექნოლოგიების დანერგვა. სიმსივნური და ონკოლოგიური დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლაში და თითოეული პაციენტი, ვისაც დღეს აქვს ეს პრობლემა, ექნება გაცილებით მეტი ყურადღება, ვიდრე არის დღეს“, – განაცხადა ვაშაძემ.
მან ონკოლოგიური დაავადების მქონე პაციენტებს მიმართა და ბოდიში მოუხადა იმის გამო, თუ მათ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მიერ დამახინჯებული მისი გამონათქვამის გამო, თავი ცუდად იგრძნეს.
„რაც შეეხება იმ ფრაზებს, რომელიც მოგლიჯა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, მიაბა-მოაბა, მე ვუხდი ბოდიშს ონკოლოგიურ პაციენტებს საზოგადოებრივი მაუწყებლის და ნებისმიერი ადამიანის სახელით, თუ ვინმემ ამ „ფეიკ ნიუსიდან“ გამომდინარე, თავი ცუდად იგრძნო. კიდევ ერთხელ ვამბობ,  ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ კონკრეტულად დაადგინა- ეს იყო „ფეიკ ნიუსი“, რომელიც გაავრცელა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა. უნდა მოსულიყვნენ თქვენი იურისტები და არც კი მოვიდნენ. იცოდნენ, ყალბი ინფორმაცია რომ იყო.
ჩემი ციტატა არ იყო იქ, იქ იყო ჩემი ციტატა გაგლეჯილი შუაზე. რომელიც დაადგინა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ და პასუხი გაგცათ. საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც ყველა ადამიანის ჯიბიდან ფინანსდება, ასეთ „ფეიკ ნიუსებს“ არ უნდა ავრცელებდეს. სამარცხვინოა, როცა ამაზე მიწევს თავის მართლება. ეს ადამიანები უმძიმეს მდგომარეობაში არიან, თქვენ თუ ბოდიშს არ იხდით, მე ვარ მზად ბოდიში მოვიხადო. თქვენი ამ მანიპულაციის შედეგად, ბევრმა ადამიანმა ძალიან ცუდად იგრძნო თავი“,- აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები