თამარ ხულორდავა შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ულრიკ ტიდესტრომს შეხვდა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა და კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირინე ფრუიძე შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ულრიკ ტიდესტრომს შეხვდნენ.
შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია და აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის როლი ამ პროცესში.
მხარეებმა ისაუბრეს საქართველოში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე და პროცესებში შვედეთის მხარდაჭერაზე.
განხილული იყო, ასევე, საქართველოსა და შვედეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები.
„შვედეთი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია. ჩვენი რეფორმების განხორციელების პროცესში შვედეთს ძალიან სერიოზული წვლილი აქვს შეტანილი. ფინანსურადაც, ის საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დონორია”,-აღნიშნა შეხვედრის კომენტირებისას თამარ ხულორდავამ.
მისივე განცხადებით, პოლიტიკურ დონეზე, ევროკავშირში ინტეგრაციის საქმეში შვედეთი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერია.
„აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის ინიციატივის ერთ-ერთი თანაავტორი სწორედ შვედეთი იყო. ამ პოლიტიკას მომავალ წელს ათი წელი უსრულდება. ჩვენ ელჩთან ვისაუბრეთ იმ ღონისძიებებზე, რომელიც მომდევნო წელს შეიძლება ერთობლივად განვახორციელოთ ამ პოლიტიკის ათი წლის აღსანიშნავად, რომლის შედეგაც საქართველოს აქვს ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირება, ეკონომიკური ინტეგრაცია და თავისუფალი მიმოსვლა, ასევე ვიფიქროთ ჩვენი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე მომავალში”, – აღნიშნა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ.
„ვისაუბრეთ ბიზნესწრეების წარმომადგენლების შესაძლო ვიზიტზე საქართველოში, რომლის მიზანიც იქნება ჩვენი ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალის წარმოჩენა და შემდგომი სავაჭრო ურთიერთობების განვითარება შვედეთთან”, – განაცხადა თამარ ხულორდავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები