მიხეილ ბენიძე: ჩვენი წყარო არ შესწრებია დოკუმენტების ბეჭდვას და არც ფოტომასალა არ მოუწოდებია

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ბენიძე სამი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ პირადობის მოწმობების შესაძლო გაყალბებაზე გავრცელებულ ინფორმაციაზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოიკითხება.
როგორც მან, აღნიშნა ორგანიზაციის წყარო, ყალბი დოკუმენტების ბეჭდვას არ შესწრებია და შესაბამისად, ამის ამსახველი ფოტომასალაც არ არსებობს.
„მივაწვდი იმ ინფორმაციას, რაზეც იყო საუბარი ჩვენს განცხადებაში. ჩვენ ზოგადად, რამე საიდუმლო ინფორმაციებს არ ვფლობთ და საიდუმლო ინფორმაციებს არ ვაწვდით ვინმეს, ჩვენი მანდატიდან გამომდინარე. საჯაროდ ვსაუბრობთ სწორედ იმ ფაქტებთან დაკავშირებითაც, რაც ჩვენთვის ხდება ცნობილი.
​გარდა ამისა, ჩვენ გადავამოწმეთ ნაწილი იმ ფაქტებისა, რომელიც გადამოწმდებოდა ჩვენი მხრიდან და ეს დაემთხვა წყაროს მიერ მოწოდებულ ინფორმაციას. დანარჩენი უკვე აღემატება ჩვენს ძალებს, რადგან ისეთ საკითხებზე არის საუბარი, სადაც წვდომა ფიზიკურად ჩვენ არ გვექნებოდა.
ვიცი, რომ ამ საკითხზე ამ პერიოდშიც იყო საუბარი და შესაბამისად, ახლაც გახდა აქტუალური ეს თემა. როგორც ჩანს, დაახლოებით ასეთი სქემაა ახლაც, თუმცა ჩვენი წყარო არ შესწრებია რაიმე დოკუმენტების ბეჭდვას, შესაბამისად მას რაიმე ფოტომასალა არ მოუწვდია“, – განაცხადა მიხეილ ბენიძემ.
ცნობისათვის, სამი არასამთავრობო ორგანიზაციის – „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და „სამართლიანი არჩევნების“ განცხადებით, გასულ კვირას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში დასაქმებულმა ერთ-ერთმა თანამშრომელმა მათ სააგენტოს მიერ სავარაუდოდ ყალბი პირადობის მოწმობების დამზადების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, საქართველოს მთავარ პროკურატურაში გამოძიება გასაღების ან გამოყენების მიზნით ყალბი პირადობის მოწმობების შესაძლო დამზადების ფაქტზე დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები