ნინო გუგეშაშვილი: რუსეთის ჯარის შემომყვანები რუსული ბაზების გამყვანს ეძახიან მოღალატეს და რენეგატს

პოეტი და მუსიკოსი ნინო გუგეშაშვილი ოპონენტების მხრიდან პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს და აღნიშნულთან დაკავშირებით ვრცელ პოსტს აქვეყნებს.
“რუსეთის ჯარის შემომყვანები რუსული ბაზების გამყვანს ეძახიან მოღალატეს და რენეგატს; წითელი მამების და ბაბუების წითლად გზაგაკვალული და წითლად კარიერამოწყობილი ნაშიერები წითლებისგან დევნილი ქართული ემიგრაციის ერთ-ერთ საუკეთესო შვილს საბჭოთა გადმონაშთს და რუსეთუმეს უწოდებენ; კაგებეს სკოლაგამოვლილი კაგებეს თანამშრომლები საფრანგეთის და ამერიკის უნივეერსიტეტებგამოვლილ ევროპელ დიპლომატს რუსეთის აგენტს ეძახიან; 25 თებერვალს, საქართველოს გასაბჭოების დღეს მოსკოვში აცეკვებული ბალერინის პატრონები ქართული პოლიტიკური ემიგრაციის საუკეთესო მოღვაწეებს განიკითხავენ; ჟურნალისტებთან “ზაებალი, ბლინ”-ით, “ფუ, ესენი როგორ მეზიზღებიან”-ით და “შენ კიდე აქა ხარ, ქალო”-თი მიმართვების პატრონებს, ტელევიზიებში სპეცნაზით შევარდნილებს, ალისტრახოს ჯიშის გამომყვანებს და სატელიტური ანტენების დამყადაღებლებს “ტვინი გაანძრიეთ ჟურნალისტებმა” მოსჭრათ ყური; რომელი ერთი – ყველაფერი ნათქვამია, ზაალ ბარათაშვილის არ იყოს – გაგონილა, ვეჟო?! ლაფანყურის მომწყობები, პანკისში პირღია საფლავების მომწყობები და ქისტ დედებთან შვილების გვამებით მოვაჭრეები ახლა მაჩალიკაშვილით სპეკულირებენ; კოდორის, მამისონის და ახალგორის გამჩუქებლები ახლა მავთულხლართებთან პროვოკატორობენ… რომელი ერთი უნდა გაიხსენო? ნეტა კი რამე დამვიწყებოდა, ყველაფერი მახსოვს. ან ვინ გაცდის დავიწყებას – ერთი წამით, ერთი წუთით არ უცდიათ შეჩერება, შეცვლა, დაფიქრება, მონანიება. სულ ტყუილი, უტიფრობა, შეურაცხყოფა, ცილისწამება ისევ და ისევ, მათი ხმები ტრავმებად მესმის, სირცხვილად, 21-ე საუკუნის ბოროტებად. კარგია, რომ მგლის დაფანტული ხროვასავით შეიკრიბნენ ისევ, ერთად ყმუიან თავისი საველე მეთაური მიშათი დაწყებული – თავისივე “ჟურნალისტებად” და “სამოქალაქო სექტორად” წოდებული სპეცრაზმებით დამთავრებული, დარაზმულები უტევენ ყველა ფრონტს – არჩევნებს, დამარცხების შემდეგ არეულობებს, ლეგიტიმაციის საკითხიც მოიმზადეს, ჯარის გახლეჩაზეც მუშაობენ, ეთნიკურ უმცირესობებზეც, სიბინძურე სიბინძურეზე და ტყუილი ტყუილზე ასკდებათ – ხან ჰააგა შემოასკდათ საპნის ბუშტივით, ხან “ომი საქართველომ დაიწყო”, ხან “პოლიციამ სარალიძის დედა გადაჯეგა”, ხან 5-5 კილო ხახვი და კარტოფილი, ახლა “ყალბ პირადობის მოწმობებს ბეჭდავეეენ”… კარგია, გამოჩნდით, გამოყავით სისხლიანი კბილები და გაუღიმეთ “ღიმილიან საქართველოს” – ჩვენც მოგვიხდება და ჩვენს მთავრობასაც. გაგვახსენეთ თავი მთელი თქვენი “ბრწყინვალებით”. მე ისედაც ყველაფერი მახსოვს, რა დამავიწყებს”, -წერს ნინო გუგეშაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები