თამარ ჩუგოშვილი: ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს არჩევნები არამხოლოდ მოვიგოთ, არამედ მოვიგოთ სამართლიან გარემოში

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს არჩევნები არამხოლოდ მოვიგოთ, არამედ მოვიგოთ სამართლიან გარემოში, რომელიც არ გაუჩენს კითხვებს არც დამკვირვებლებს, არც საერთაშორისო საზოგადოებას და არც ჩვენს მოქალაქეებს“, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა, „სამართლიანი არჩევნების” მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის შესახებ განაცხადა, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდს ეხება. ჩუგოშვილის თქმით, აღნიშნულ ანგარიშს ყურადღებით ეცნობიან შესაბამისი უწყებებიც.
„გავეცანი ამ ანგარიშს და რამდენადაც ვიცი, ის უწყებებიც, რომლებიც პასუხისმგებელი არიან დარღვევების პრევენციაზე ან რეაგირებაზე, საკმაოდ დეტალურად სწავლობენ ამას. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს არჩევნები არამხოლოდ მოვიგოთ, არამედ მოვიგოთ სამართლიან გარემოში, რომელიც არ გაუჩენს კითხვებს არც დამკვირვებლებს, არც საერთაშორისო საზოგადოებას და არც ჩვენს მოქალაქეებს. ამიტომ, ზუსტად ვიცი, რომ ამ ანგარიშს ყურადღებით ეკიდებიან შესაბამისი უწყებები და თუ სადმე დამტკიცდა, რომ იყო დარღვევა შესაბამისი რეაგირებაც იქნება”,- განაცხადა ჩუგოშვილმა.
იგი მოუწოდებს სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, მაქსიმალურად ითანამშრომლონ შესაბამის უწყებებთან და მიაწოდონ მათ ინფორმაცია, რომელსაც ფლობენ.
„ასევე, მინდა ვთხოვო დამკვირვებელ ორგანიზაციებს, რომ მაქსიმალურად ეთანამშრომლონ ამ უწყებებს, მიაწოდონ ინფორმაცია, მათ შორის იდენტიფიცირებადი ინფორმაცია, სადაც ეს შესაძლებელია, რომ ამ უწყებებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, რათა სწრაფად, ეფექტურად და ადეკვატურად მოახდინონ რეაგირება ამ დარღვევებზე. შესაბამისად, არასასამთავრობოებიც თუ ითანამშრომლებენ უფრო მეტად შესაბამის უწყებებთან, ეს მხოლოდ დაეხმარება ჩვენს საერთო მიზანს”,- განაცხადა ჩუგოშვილმა.
შეგახსენებთ, რომ “სამართლიანმა არჩევნებმა” დღეს მეორე ტურის წინასაარჩევნო მონიტორინგის შუალედური ანგარიში წარმოადგინა, რომელიც 29 ოქტომბრიდან 19 ნოემბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს.
როგორც ანგარიშშია აღნიშნული, მოსყიდვის სავარაუდო შემთხვევებს აქვს ადგილი სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, სადაც სალომე ზურაბიშვილის ხმის მიცემის სანაცვლოდ მოქალაქეებს გარკვეულ თანხას სთავაზობენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები