ლია ბაგრატიონის ნამუშევრების გამოფენა – „შეშლილი ჩაის სმა“ გაიმართება

29 ნოემბრს, 19:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმი თბილისის ისტორიის მუზეუმში, წარმოადგენს ლია ბაგრატიონის ნამუშევრების გამოფენას „შეშლილი ჩაის სმა“.
რგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, გამოფენა პროექტის „თანამედროვე ხელოვნების გალერეა“ ფარგლებში გაიმართება.
ლია ბაგრატიონი თანამედროვე ხელოვნების ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელია, რომელიც განავითარებს ტრადიციულ ცოდნაზე დაფუძნებულ ოსტატობას, ითვისებს ნოვაციებს და იყენებს ნებისმიერ დარგობრივ საშუალებას.
პროექტი ,,შეშლილი ჩაის სმა“ აერთიანებს მის ადრეულ და უახლეს ნამუშევრებს. ავტორის დაკვირვების ობიექტია ჩაის სმის რიტუალი, რომელიც, მისივე განმარტებით, ასოცირდება მშვიდ ატმოსფეროსთან და არაფერი აკავშირებს შეშლილობასთან. ამიტომ, სახელწოდება „შეშლილი ჩაის სმა“, საწყისშივე აბსურდულია. ლია ბაგრატიონის ინსტალაციის მედიუმი მშრალი თიხის თვისებაა, რომელსაც წყალი შლის.
გამოფენის ფარგლებში დაგეგმილია სამდღიანი ვორქშოფი უცხოელ კოლეგებთან ერთად: ალექსანდრე პერე, მანუელ კანუ და ალექსანდრა ელეონორა ენგელფრიტი; მრგვალი მაგიდა და კატალოგის პრეზენტაცია.
პროექტი ,,თანამედროვე ხელოვნების გალერეა“ 2016 წლიდან ხორციელდება საქართველოს ეროვნული მუზეუმის მიერ, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, რომელიც მიზნად ისახავს თანამედროვე ხელოვნების სახელოვნებო ღონისძიებების მხარდაჭერას, როგორც ქვეყანაში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
პროექტის ფარგლებში, დამთვალიერებელი გაეცნობა, ლია ბაგრატიონის მრავალმხრივი შემოქმედების ამსახველ გამოფენას, ფილმსა და კატალოგს.
პროექტის ავტორი: ლია ბაგრატიონი, კურატორი: მაგდა გურული, კოორდინატორი: ლიკა მამაცაშვილი.
ვორკშოფი: 30 ნოემბერი, 1 და 2 დეკემბერი, 11:00-დან 13:00 საათამდე;
„მრგვალი მაგიდა“: 8 დეკემბერი, 14:00-16:00;
გამოფენა 2019 წლის 20 იანვრამდე გასტანს.
მისამართი: იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა), სიონის ქუჩა 8.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები