იზა ორჯონიკიძის დაბადებიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართება
21 ნოემბერს, 19:00 საათზე, ლიტერატურის მუზეუმში, რუსთაველის პრემიის ლაურეატი პოეტის, იზა ორჯონიკიძის დაბადებიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, საღამოზე გაიხსენებენ იზა ორჯონიკიძეს, როგორც პოეტსა და მოღვაწეს. 1976-1910 წლებში იგი იყო გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმის დირექტორი.
იზა ორჯონიკიძე დაიბადა 1938 წლის 21 ნოემბერს, თბილისში (გარდაიცვალა 2010 წლის 9 თებერვალს). 1965 წელს დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი (რუსული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით).
იზა ორჯონიკიძეს ეკუთვნის ლექსების კრებულები: „ნათელი“ (1969 წელი), „ქვის სასთუმალი“ (1971 წელი), „ წვიმის მოსვლამდე“ (1974 წელი), „ავტოპორტრეტი“ (1977 წელი), „სასწაულია შეხვედრა ჩვენი“ (1981 წელი) “აქ, სამუდამოდ”(1983),”დაბინდებამდე”(1993),”ოდესღაც და სულ ახლახან” (1999),”რომაული არდადეგები” (2005),”წვიმიანი გაზაფხულის ქრონიკა” (2007).
გარდაცვალებამდე 2 წლით ადრე გამოსცა რჩეული სამტომეული – „ჩემი ოდისეა”, „სულის სახლში”, „გამოძახილი” (2008).
იზა ორჯონიკიძის პოეზია თარგმნილია რუსულ, უკრაინულ, გერმანულ და იტალიურ ენებზე.